უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენლის, დმიტრო პლეტენჩუკის თქმით, რუსეთის ფლოტმა "სერიოზული ზარალი" განიცადა ძირითადად, უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი მოწყობილობების გამოყენების გამო.
მან განაცხადა, რომ ამ ტაქტიკამ უკრაინა საზღვაო ომის ახალი ტიპის წამყვან ძალად აქცია. 17 ნოემბერს, უკრაინის ტელევიზიაში საუბრისას, პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ 15 რუსული ხომალდი განადგურდა და 12 დაზიანდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში.
"ყველაფერი ჩვენი დრონების მოქმედების შედეგი არ არის", თქვა მან, მაგრამ მათ "საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენეს მტრის გემებს". პლეტენჩუკმა განაცხადა, რომ ამან უკრაინა ლიდერად აქცია "უპილოტო სისტემების ახალ დონეზე გამოყენებაში" და ასეთადაც არის მიჩნეული. "ჩვენ ცალკე გუნდი გვყავს... რომელიც [იყენებს] როგორც წყლის ზედაპირზე, ასევე წყალქვეშა დრონებს. და არა მხოლოდ დაზვერვისა და განაღმვისთვის, არამედ განადგურებისთვისაც", განაცხადა პლეტენჩუკმა.
რუსეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩამოაგდო დრონები/უპილოტო საფრენი მოწყობილობები/ ყირიმის თავზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ნახევარკუნძულზე განლაგებული სამიზნეებისკენ მიემართებოდნენ.
ასევე ნახეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს სევასტოპოლზე შეტევას