ბინიდან დამქირავებლის გამოსახლება გამარტივდება - მთავრობა ცვლილებზე მუშაობს

თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ სამინისტრო მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც გაამარტივებს ბინიდან იმ ადამიანების გამოსახლებას, რომლებიც მეპატრონეს ქირას არ უხდიან. ამის შესახებ მან ილაპარაკა პარლამენტში, სადაც "მინისტრის საათის" ფარგლებშია მისული.

"ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანმა გააქირავა ბინა და მოქირავნე აღარ გამოდის... არც ფულს უხდიან, არც იქიდან გამოდიან, ეს არის პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას", - თქვა რატი ბრეგაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო განხილვები, რომლებიც ბინიდან დამქირავებლის გამოსასახლებლად იმართება, რამდენიმე თვე გრძელდება და ამ დროის განმავლობაში მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია. მინისტრის თქმით, აქვთ ინიციატივა, რომელიც ამ პროცესს გაამარტივებს.

"მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მის გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ბიურო და ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე იქნებიან მხარეები წინასწარ შეთანხმებულები", - აღნიშნა მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. წესით, დოკუმენტში იქნება აღნიშნული, რა დაუჯდება ბინის გამქირავებელს ხელშეკრულების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება.

ბოლო წლებში მიღებული კანონმდებლობით, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ბინებიდან იმ ადამიანების გამოსახლება, რომლებიც მეპატრონეებს ქირას არ უხდიან. სასამართლო დავები ხშირად დროშია გაწელილი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ირღვევა ბინის მესაკუთრეების უფლებები.