2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 აგვისტომდე, 19 740-მა მამაკაცმა უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი მეზობელ ქვეყნებთან და ამგვარად დაემალა უკრაინის არმიაში სავალდებულო სამხედრო გაწვევას. ამის შესახებ თავის ანგარიშში წერს BBC, რომელიც ეყრდნობა საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ მიღებულ ცნობებს რუმინეთიდან, მოლდოვიდან, პოლონეთიდან, უნგრეთიდან და სლოვაკეთიდან.
საუბარია 18-დან 60 წლამდე მამაკაცებზე, რომლებსაც, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიის დატოვება შეუზღუდა.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ მათ არ იციან, როგორ მოახერხეს უკრაინელმა კაცებმა ქვეყნიდან გაქცევა, მაგრამ დაადგინეს, თუ რა მეთოდებს იყენებდა ის 21 113 ადამიანი, რომლებიც უკრაინის მესაზღვრეებმა დააკავეს. მათგან 14 313 საზღვრის გადაკვეთას ქვეითად ან გადაცურვით ცდილობდა, ხოლო დანარჩენმა 6 800-მა გამოიყენა ყალბი დოკუმენტები. გამოცემა უკრაინის ხელისუფლების მონაცემებზე მითითებით წერს, რომ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია ფიქციურ დაავადებებზე აპელირება.
უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ვერხოვნა რადაში, ფედორ ვენისლავსკიმ, BBC-ის განუცხადა, რომ უკრაინელების ერთიდან ხუთ პროცენტამდე ნაწილი ცდილობს ჯარში გაწვევისთვის თავის არიდებას. მისივე თქმით, ეს მაჩვენებელი უკრაინის თავდაცვისუნარიანობისათვის გადამწყვეტი არ არის.