რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 17 ნოემბერს ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა "ნეპტუნი" ჩამოაგდო ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან.
მოსკოვის დროით დაახლოებით 10:40 საათზე, "უკრაინის რაკეტები სადღეღამისო მორიგეობაზე მყოფმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან შავი ზღვის აკვატორიაში", - ნათქვამია რუსეთის სამხედრო უწყების განცხადებაში.
ანექსირებული სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა "გუბერნატორმა" მიხაილ რაზვოჟაევმა ადრე დაწერა, რომ სევასტოპოლში მოქმედებდა საჰაერო თავდაცვის სისტემა და ორი სამიზნე ჩამოაგდეს. მისი თქმით, სევასტოპოლის სამაშველო სამსახურებს არ დაუფიქსირებიათ ინფრასტრუქტურის დაზიანება.
უკრაინულ მახრეს რუსეთის სამხედრო უწყების ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
უფრო ადრე, ნოემბრის დასაწყისში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ ღამის ოპერაციის შედეგად ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის ორი მცირე სადესანტო ნავი გაანადგურა.
- უკრაინის შეიარაღებული ძალები პერიოდულად რაკეტებით უტევენ სევასტოპოლს, რომლის წყლებშიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტია განთავსებული. რიგი უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ამის მიზანია ფლოტის სრული განადგურება ან, როგორც მინიმუმ, მისი მეთაურების იძულება, გადააადგილონ გემები, რომლებიდანაც უკრაინის ტერიტორიები იბომბება ფრთოსანი რაკეტებით.
- ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმამ სექტემბერში, რის შედეგადაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. უკრაინის თავდასხმების შედეგად დაზიანდა ასევე გემები და საბრძოლო მასალის საწყობები, მწყობრიდან გამოვიდა საჰაერო თავდაცვის საშუალებები.
- ამასთან, უმეტეს შემთხვევაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სევასტოპოლის მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტის წარმატებით განადგურებაზე იტყობინებოდა, რიგ შემთხვევაში კი, მიმდინარე წვრთნების შესახებ აცხადებდა.