უკრაინელი საზღვაო ქვეითები ადასტურებენ წარმატებას ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. ხერსონის ოლქი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა „წარმატებული მოქმედებების სერია“ ჩაატარეს ხერსონის მიმართულებით, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე. ამის შესახებ დღეს, 17 ნოემბერს, იუწყებიან უკრაინის საზღვაო ქვეითები. ხერსონის ოლქის ის ნაწილი, რომელიც დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

საზღვაო ქვეითების თანახმად, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით, რამდენიმე პლაცდარმზე გამაგრდნენ.

უკრაინელი საზღვაო ქვეითების ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან მოკლულია 1216 და დაჭრილია 2217 რუსი სამხედრო და განადგურებულია 24 ტანკი, 89 საარტილერიო სისტემა და ნაღმმტყორცნი, 49 საბრძოლო ჯავშანტექნიკა და სხვა საშუალებები. ასევე - 4 სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალების 29 საწყობი. ეს მონაცემები სხვა წყაროებით გადაუმოწმებელია.

ასევე ნახეთ წინსვლა ხერსონში - უკრაინის პლაცდარმი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე

ცნობები ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეული წინსვლის შესახებ, ნოემბრის დასაწყისიდან ვრცელდებოდა. რუსეთი აცხადებდა, რომ უკრაინელებს ხერსონის მიმართულებით დიდი დანაკარგი აქვთ.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ხერსონის ოლქი 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს. იმავე წლის შემოდგომაზე უკრაინის არმიამ კონტროლი დაიბრუნა ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მათ შორის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ხერსონზე.