გერმანიის ბუნდესტაგმა ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს და მოლდოვის შეტანას უსაფრთხო ქვეყნების სიაში. ეს ნიშნავს, რომ გერმანია თავშესაფრის მიცემაზე გაცილებით იოლად ეტყვის უარს საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეებს და შესაბამისად, უფრო სწრაფად შეძლებს მათ დეპორტაციას.
გერმანული მაუწყებლის, DW-ს ინფორმაციით, ბუნდესტაგმა გადაწყვეტილება 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს მხოლოდ „მემარცხენე პარტიის“ დეპუტატებმა.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული და ფედერალური მთავრობის მიერ მოწონებული კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს ფედერალური მიწების პალატამ - ბუნდესრატმაც.
ასევე ნახეთ შოლცმა დეპორტაციის გეგმა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანააგერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის გზაზე.
ფეზერის თანახმად, გერმანიაში თავშესაფრის მიღების უარყოფილი განაცხადების 10%-ზე მეტი საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებზე მოდის, დაკმაყოფილების მაჩვენებელი კი 0,3%-ზე ნაკლებია. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს და მოლდოვის უსაფრთხოდ გამოცხადების საფუძველი ის არის, რომ, როგორც წესი, არცერთ ამ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური დევნის საფრთხე.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარი 2023 წლის აგვისტოში დაუჭირა, რის შემდეგაც პროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გაეგზავნა.