ვენეციის კომისია საქართველოსთვის მთავარ საკითხებად საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს აყენებს

ვენეციის კომისიის დელეგაციის პრესკონფერენცია თბილისში

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ, ვენეციის კომისიის დელეგაციამ პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციაზე კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ ფრედომ თქვა, რომ მზად არის, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ყველანაირად დაუჭირონ მხარი კონსულტაციით და მოსაზრებებით.

„ჩვენი დანიშნულება არის, რომ ვაჩვენოთ საქართველოს მისდამი ჩვენი ერთგულება გზაზე, რომელსაც საქართველო გადის ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ რეკომენდაციებზე, რომლებსაც ვენეციის კომისია გამოსცემს და მათ შესრულებაზე.

ეს რეკომენდაციები გახლავთ მინიშნებები. ასევე მასში მოცემულია წითელი ხაზები. თუმცა საქართველოს ხელისუფლება, საქართველო როგორ აირჩევს ამ მინიშნებების მთავარი რეკომენდაციების შესრულებას, ეს გზები უკვე მისი გადასაწყვეტია. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ვართ ექსპერტების გუნდი. ჩვენი დანიშნულება არ არის ვუკარნახოთ, რა უნდა გაკეთდეს, არამედ საქართველოსთან ერთად ვიაროთ ამ გზაზე, დიალოგის გზით“, - თქვა მაიკლ ფრედომ. მან დაამატა, რომ ვენეციის კომისია არის ევროსაბჭოს შემადგენელი ორგანო, მაგრამ ევროკავშირი მის დასკვნებს მაინც უთითებს.

ვენეციის კომისიის წარმომადგენლები საქართველოს წინაშე ორ ძირითად ამოცანას აყენებენ - ესენია საარჩევნო და სასამართლო რეფორმები. ვენეციის კომისიის მდივანმა სიმონა გრანატა-მენჯინიმ განაცხადა: „შეიძლება ითქვას, ზოგადად, და ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების რაც შეიძლება ყველაზე ფართო წრეებთან კონსენსუსის, შეთანხმების მიღწევა. ეს ეხება მთავარ საკითხებს - საარჩევნო რეფორმას და სასამართლო რეფორმას. საუბარი არის იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ, მონაწილე მხარესთან იყოს ჩართულობითი და იყოს რაც შეიძლება ფართო კონსულტაციები. კონსტიტუციონალიზმის ერთ-ერთი პრინციპი გახლავთ ის, რომ მნიშვნელოვანია დაწესებულებებს შორის კარგი, ნორმალური თანამშრომლობა. ეს პრაქტიკაში რთული მისაღწევია, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი".

სიმონა გრანატა-მენჯინიმ დაამატა, რომ ძირითადია საარჩევნო და სასამართლო რეფორმა, ასევე, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა რეფორმების პროცესში.

ვენეციის კომისიის წევრის, ეირიკ ჰოლმოვიკის თქმით, როდესაც საუბარია რეფორმებზე, განსაკუთრებით სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზე, რეკომენდაციაა, რომ ეს რეფორმები ხელისუფლებამ განიხილოს მთლიანობაში და საკმარისი არ არის ერთი-ორი წესის ან გარკვეული პროცედურების შეცვლა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დელეგაციის წევრებმა ილაპარაკეს, ეხებოდა „დეოლიგარქიზაციის კანონს“. ვენეციის კომისიის მდივანმა განმარტა, რომ მათთვის მიუღებელია კონკრეტულ პირებზე მორგებული კანონები.

„პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ჩვენ ამას არ ვეძახით დეოლიგარქიზაციის კანონს. სწორად უნდა გავიგოთ ჩვენ, ასე ვთქვათ, რა გვაინტერესებს. ეს არის, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის ნაცვლად, ფული რაღაც საკითხებს სხვანაირად წვეტს. ეს არის, თუ შეიძლება ითქვას, დასამარცხებელი. უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში წამოწეული იქნა დეოლიგარქიზაციის კანონები. მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს კანონები ორიენტირებული იყო... ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღებას. ჩვენი მიმართულება არის ის, რომ ფული არ უნდა ერეოდეს დემოკრატიულ პროცესებში და არ უნდა ცვლიდეს მას. ამიტომ, საქართველომ უარი თქვა ამ კანონის გატანაზე, რადგან, ჩვენი აზრით, ადამიანების წინააღმდეგ კანონების მიღება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, დემოკრატიას, პლურალიზმს და ა.შ. საქართველომ და მოლდოვამ უარი თქვეს, ხოლო უკრაინაში არ აღსრულდა ეს კანონი. ამის ნაცვლად, გადაწყდა, რომ მიღებული იყოს სტრატეგიები. ჩვენ სწორედ სისტემურ მიდგომას ვითხოვდით. ჩვენ ვერ შევიმუშავებთ დასკვნას სტრატეგიაზე, იმიტომ რომ ვენეციის კომისიას შეუძლია შეაფასოს მხოლოდ კანონმდებლობა“, - განაცხადა სიმონა გრანატა-მენჯინიმ.

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები საქართველოში შეხვდნენ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას.