ცნობილი ირანელი უფლებადამცველი ნასრინ სოთუდე ორკვირიანი პატიმრობის შემდეგ დროებით გაათავისუფლეს. ამის შესახებ მისმა ქმარმა გაავრცელა ცნობა სოციალური მედიით. X-ზე (ყოფილი ტვიტერი) 15 ნოემბრის საღამოს რეზა ხანდანმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გამოსახულია სოთუდე გათავისუფლებისას.
ის სურათზე თავსაფრის გარეშეა.
სოთუდე 29 ოქტომბერს არმითა გარავანდის დასაფლავებაზე დააკავეს. 17 წლის გარავანდი გარდაიცვალა მეტროში თავსაფრის გარეშე ყოფნის გამო მორალის პოლიციასთან დაპირისპირებისას მიღებული დაზიანებების შედეგად.
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან (IRGC) დაკავშირებულმა სააგენტო Fars-მა დაადასტურა სოთუდეს დაპატიმრება 29 ოქტომბერს და განაცხადა, რომ ის დააკავეს "თავსაფრის მოხსნისთვის და საზოგადოების ფსიქიკური უსაფრთხოების წინააღმდეგ მოქმედებისთვის".
როგორც მაშინ სოთუდეს ქმარი იტყობინებოდა, არმითა გარავანდის დაკრძალვაზე დაკავებული პირებიდან ბევრი გადაიყვანეს ვოზარის დაკავების ცენტრში - "იმავე ადგილას, სადაც შარშან მთავრობის აგენტებმა მაჰსა ამინი მოკლეს".
სოთუდე ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაკავებული აქტივისტების ხმამაღალი დამცველია. ის არაერთხელ იყო საპატიმროში 2010 წლის შემდეგ.
თავსაფრის ტარება, და საერთოდ, ირანის მოქალაქეთათვის ჩაცმულობის მუსლიმური წესი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1981 წელს დაკანონდა.
შარშან, სექტემბერში, მორალის პოლიციამ თავსაფრის არასწორი ტარების მიზეზით დააკავა თეირანში სტუმრად მყოფი ახალგაზრდა ქურთი ქალი მაჰსა ამინი, რომელიც შემდეგ საპატიმროში გარდაიცვალა.
ამინის სიკვდილს მოჰყვა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მთელ ირანში.