ფინეთი რუსეთის საზღვარზე ოთხ საკონტროლო-გამშვებ პუნქტს დახურავს მიგრაციული კრიზისის გამო. ამის შესახებ ხუთშაბათს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ. მისი სიტყვებით, რუსეთის მესაზღვრეები ხელს უწყობენ კრიზისის შექმნას, ისინი საზღვრისკენ უშვებენ საბუთების არმქონე პირებს.
შეზღუდვების შემოღების შესახებ გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღეს მთავრობის სხდომაზე, იტყობინება ფინური მედიაკორპორაცია Yle.
საკონტროლო-გამშვები პუნქტები დახურული იქნება როგორც ხალხისთვის, ისე ტრანსპორტისთვის. შეზღუდვები 18 თებერვლამდე იმოქმედებს.
ორი სასაზღვრო პუნქტი, სალა ფინეთსა და მურმანსკის ოლქს შორის და ვირტიუსი კარელიის საზღვარზე, ღია დარჩება თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების განსახილველად, თქვა ორპომ. ისინი იმუშავებს ასევე სხვა კატეგორიის მგზავრთათვისაც, იტყობინება ფინეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი მარკუ ჰასინენი.
გარდა ამისა, მუშაობას აგრძელებს პუნქტები რაია-იოოსეპი და კუუსამო.
უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთიდან ფინეთში მოხვედრა სცადა რამდენიმე ათასმა უცხოელმა, რომელთაც საამისოდ საჭირო დოკუმენტები არ მოეპოვებოდათ, იუწყება Yle. ესენი არიან ერაყის, სირიის, იემენისა და თურქეთის მოქალაქეები. წარსულში მოსკოვი ასეთ პირებს არ აძლევდა რუსეთის მხრიდან საზღვრის გადაკვეთის უფლებას.
მარტო სექტემბერში ფინეთში რუსეთის გზით თავშესაფრის 280 მაძიებელი ჩავიდა. ჰასინენმა ამ მოვლენას ეროვნული უსაფრთხოების სერიოზული მუქარა უწოდა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა განაცხადა, რომ ფინეთის ხელისუფლებას სერიოზული საფუძველი მოეპოვება, იფიქროს, რომ მიგრანტების ჩასვლასთან კავშირი აქვს უცხოურ სახელმწიფოს. მას არ დაუსახელებია, რომელს, მაგრამ კონტექსტიდან ჩანს, რომ საქმე რუსეთს ეხება.