გაეროს უშიშროების საბჭომ ოთხშაბათს მიიღო ისრაელ-პალესტინელთა კრიზისის თაობაზე მალტის მიერ შეთავაზებული რეზოლუციის ვარიანტი. უშიშროების საბჭოს 12-მა წევრმა მხარი დაუჭირა მას, საბჭოს არცერთი წევრი არ ყოფილა წინააღმდეგი, ხოლო თავი შეიკავა სამმა ქვეყანამ: აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და რუსეთმა. ამის შესახებ გაეროს საიტზე არის განთავსებული ინფორმაცია.
ეს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული პირველი რეზოლუციაა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციის შესახებ, რომელიც 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმით დაიწყო.
უშიშროების საბჭოში მანამდე რეზოლუციის რამდენიმე ვარიანტი გაიტანეს განსახილველად, მაგრამ არცერთი მათგანი არ მიუღიათ. კერძოდ, აშშ-მა ვეტო დაადო რეზოლუციის ბრაზილიურ ვარიანტს, რუსეთმა და ჩინეთმა კი რეზოლუციის პროექტს, რომელიც აშშ-მა წარმოადგინა.
რეზოლუციაში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ითხოვენ, რომ ყველა მხარემ შეასრულოს საერთაშორისო სამართლის მიმართ თავისი ვალდებულებები, განსაკუთრებით სამოქალაქო პირების, პირველ რიგში ბავშვების დაცვის საკითხში.
რეზოლუცია ასევე „გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ და ყოველგვარი პირობის გარეშე განთავისუფლდნენ მძევლები, რომლებიც ‘ჰამასს’ და სხვა ჯგუფებს ჰყავთ აყვანილი, პირველ რიგში - ბავშვები“.