პალესტინელმა მოსახლეობამ არ უნდა გადაიხადოს საზღაური იმ ბოროტმოქმედებებისთვის, რაც დაჯგუფება „ჰამასმა“ ჩაიდინა ისრაელის წინააღმდეგ, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა ალ-შიფის საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გამო.
„არ შეიძლება პალესტინის მოსახლეობის იძულება, ზღოს ‘ჰამასის’ ბოროტმოქმედებები, მით უმეტეს, დაუცველმა, დაჭრილმა და ავადმყოფმა ადამიანებმა, ასევე ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლებმა, რომლებიც მამაცურად განაგრძობენ თავიანთ საქმეს უკიდურესად სახიფათო პირობებში“, - ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
როგორც BBC იტყობინება, სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ „აბსოლუტურად აუცილებელია“, ისრაელმა დაიცვას „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რომელიც, კერძოდ, ითვალისწინებს საავადმყოფო ინფრასტრუქტურის დაცვას.“
გასულ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელს მოუწოდა, შეწყვიტოს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა. მისი თქმით, ამას არა აქვს გამართლება.
ისრაელის ძალებმა რეიდი მოაწყვეს ალ-შიფის საავადმყოფოზე. ისინი აცხადებენ, რომ მიზანში ამოიღეს ღაზის მმართველი ძალის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული "ჰამასის" სამეთაურო ცენტრი გვირაბებში, რომლებიც განთავსებულია საავადმყოფოს ქვეშ. საავადმყოფოში ასობით პაციენტი და სამოქალაქო პირი იმყოფება.
„ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის იერიშის განმავლობაში დღემდე დაიღუპა 11320 ადამიანი, ძირითადად სამოქალაქო პირები. მათ უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.
ისრაელის ცნობით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულია 1 200-ზე მეტი ადამიანი. „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს აყვანილი.
ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.
„ჰამასი“ ღაზის სექტორს 2007 წლიდან მართავს. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა დაპირისპირებულია პალესტინელთა ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რომლის კონტროლქვეშაა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი. „ჰამასს“ მიზნად აქვს გამოცხადებული ისრაელის სახელმწიფოს განადგურება და პალესტინელთა ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს შექმნა.