ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოიწონა

ევროპის კომისიის შტაბბინა. ბრიუსელი, 5 ივნისი, 2020.

ევროკომისიამ, ევროკავშირის უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანომ, ოთხშაბათს მიიღო წინადადება რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-12 პაკეტის შემოღების შესახებ. შეთავაზებულ ზომებს შორისაა ემბარგო რუსული ალმასებით ვაჭრობაზე.

წარდგენილი პაკეტის მიღებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მისი დაგზავნის შესახებ იტყობინება სააგენტო Reuters-ი. ევროკავშირი არ ასახელებს წარდგენილი ზომების სრულ სიას, მაგრამ ადრე რამდენიმე მათგანი ცნობილი გახდა მსოფლიო მედიისთვის.

მაგალითად, გამოცემა Politico წერს, რომ ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, 2024 წლიდან აიკრძალოს რუსეთიდან ალმასების პირდაპირი იმპორტი, რის შემდეგაც საჭიროა ეტაპობრივი აკრძალვების შემოღება მესამე ქვეყნებში დამუშავებულ რუსული ალმასებისგან დამზადებულ ბრილიანტებზე.

Politico-სა და Bloomberg-ის წყაროების თანახმად, ევროკავშირი შეზღუდვებს დააწესებს რუსული თუჯისა და სარკისებრი თუჯის, სპილენძის, ალუმინის მავთულისა და ფოლგის, რუსული გათხევადებული გაზის იმპორტზე. გარდა ამისა, ევროკავშირი ანგარიშვალდებულებას გაამკაცრებს კომპანიებისთვის, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს ეწევიან. ვარაუდობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადრე შემოღებული ზღვრული ფასის, ბარელში 60 დოლარის, დაცვას.

რუსეთი მსოფლიოში დაუმუშავებელი ალმასების უდიდესი ექსპორტიორია. ევროკავშირი წელიწადში დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის ღირებულების ალმასებს ყიდულობს რუსეთისგან. რუსული ალმასების იმპორტის აკრძალვას ბლოკავდა ბელგია, იცავდა რა ანტვერპენს, რომელიც ძვირფასი ქვებით ვაჭრობის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია მსოფლიოში.

მაგრამ ევროპული სანქციების პარალელურად რუსეთის ალმასების შესყიდვაზე აკრძალვის დაწესებას გეგმავს „დიდი შვიდეული“ (G7), რომელზეც მოდის ბრილიანტების ბაზრის 70%, იტყობინება Reuters-ი. აშშ-მა უკვე თქვა უარი რუსეთის ალმასებზე.

როგორც სააგენტო იტყობინება, სანქციების ახალი პაკეტი გააფართოებს იმ საქონლის სიას, რომლის მიყიდვა რუსეთისთვის არ შეიძლება. მათ შორისაა პროგრამული უზრუნველყოფა კომპანიებისთვის, ასევე სამრეწველო დიზაინისა და წარმოებისთვის.

როგორც მოსალოდნელია, ევროკავშირი გააფართოებს სანქციების სიას და მასში შეიყვანს 47 პირს, რომლებსაც გაუყინავენ აქტივებს და აუკრძალავენ ევროკავშირში შესვლას, ასევე 72 კომპანიას.