საგარეო უწყების განმარტებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა მექანიზმს გამოიყენებენ

აბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო მექანიზმებს გამოიყენებს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში დატყვევებული საქართველოს ორი მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად.

როგორც რადიო თავისუფლებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებულ განცხადებაშია ნათქვამი, „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღია წყაროებზე დაყრდნობით ინფორმირებულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის გ.გ. და გ.შ. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ სამხედრო მოქმედებებისას ტყვედ აყვანის შესახებ. ქართული მხარე გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო მექანიზმს, მათ შორის წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას და შვეიცარიის კონფედერაციას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის მედიატორს, საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დასაცავად“.

უკრაინის მხარეს მებრძოლი საქართველოს ორი მოქალაქის ტყვედ ჩავარდნის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 14 ნოემბერს, გახდა ცნობილი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დატყვევებულთა გამოკითხვის ამსახველი ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ.

პარლამენტში ამ საკითხის კომენტირებისას მმართველის პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „გამომდინარე იქედან, რომ ეს ჩვენი ორი თანამოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი, ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ პირობებში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინული მხარე შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან შესაბამის მოლაპარაკებებში. ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს“.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ერთადერთი, რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ, კონსტიტუციური ვალდებულებაა, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ადგილსამყოფლისა. აქ ბერკეტია შვეიცარიის საელჩო, "წითელი ჯვარი" - ამ ფორმით თუ რაიმეს გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები“.

ასევე ნახეთ უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი რუსეთს ტყვედ ჩაუვარდა

უკრაინაში მებრძოლი "ქართული ლეგიონის" მეთაური მამუკა მამულაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ვინაიდან ტყვედ ჩავარდნილი გიორგი გოგლიძე და გიორგი შუბითიძე (რუსული მედიის თანახმად, ჩუბითიძე) უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებიან, ისინი მოხვდებიან და, სავარაუდოდ, უკვე არიან შეყვანილი ტყვეთა გაცვლის პროგრამაში, რომელსაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტი კურირებს.

"მაგრამ ისინი [რუსები] რამდენად მოინდომებენ გაცვლას, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - ამბობს მამუკა მამულაშვილი.

უკრაინის ომის განმავლობაში, ეს რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქის დატყვევების შესახებ ღია წყაროებში გავრცელებული პირველი ინფორმაციაა.

მანამდე ცნობილი იყო ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქის, ნოდარ ბახტურიძის უკრაინაში ტყვეობის შესახებ.