თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე, ერთ-ერთ საბავშვო ბაღთან სროლა იყო, რის შედეგადაც ერთი მშობელი დაიჭრა. შემთხვევა დღეს, 14 ნოემბერს, დილის საათებში მოხდა.
რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ პოლიციამ დააკავა ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელის, თამაზ ელიზბარაშვილის შვილი, გურამ ელიზბარაშვილი.
"ჩემი შვილი გურამი 41 წლის არის. ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. სახლში ჰყავთ ერთი ოთხფეხა ოჯახის წევრი, დეკორატიული ძაღლი. დილით რომ გაუყვანია დილის 09:00 საათზე, ყაზახეთის მოქალაქეს მიუცია შენიშვნა, ამ სკვერში ძაღლს რატომ ასეირნებ, ისვრისო და ფეხი მოუქნევია ამ პატარა ძაღლისთვის.
ბუნებრივია, ჩემმა შვილმა დაიცვა. მერე რა მოხდა, მე ძალიან მაინტერესებს იმიტომ, რომ ჩემი შვილი არის ტყვიით დაჭრილი, ისიც დაჭრილია. რა მოხდა, ჩემი შვილი როგორ დაიჭრა, არ ვიცი... იარაღი შეიძლება ჰქონდა... ჩემი შვილი თვითონ ჩაბარდა", - ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი "მთავარ არხთან" საუბრის დროს.
როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, დაჭრილის მდგომარეობა მძიმე არ არის და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მასალა განახლდა თამაზ ელიზბარაშვილის კომენტარით.