ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი შეიწყალეს და საომრად უკრაინაში გაგზავნეს

სერგეი ხაჯიკურბანოვი

ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი, რომელსაც 2014 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და უკრაინის წინააღმდეგ საომრად წავიდა. ამის შესახებ ტელეგრამის არხი „ბაზა“ იუწყება.

არხის თანახმად, ხაჯიკურბანოვი უკრაინაში, ომში, 2022 წლის ბოლოდანაა. მან სამხედრო სამსახური დაიწყო, როგორც დაზვერვის ათეულის მეთაურმა. „იგი არაერთხელ გადავიდა მტრის ზურგში და ასრულებდა მზვერავებისათვის სპეციფიკურ დავალებებს", - წერს „ბაზა“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

უკრაინაში ხაჯიკურბანოვმა ბატალიონის მეთაურის წოდებას მიაღწია. ექვსთვიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, მან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააგრძელა. „ბაზის“ წყაროებმა ვერ დააკონკრეტეს ახალი ხელშეკრულების ხანგრძლივობა და ხაჟიკურბანოვის ამჟამინდელი სამხედრო თანამდებობა.

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე, მისი სახლის სადარბაზოში. მკვლელმა მას ოთხჯერ ესროლა პირდაპირ და შემდეგ, საკონტროლო გასროლის სახით, თავში, მაშინ, როცა პოლიტკოვსკაია ლიფტში შევიდა. ადგილზე იპოვეს მაკაროვის ტიპის იარაღი და ვაზნები.

2014 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩნეთის მცხოვრებთ, რუსტამ მახმუდოვს და ლომალი გაიტუკაევს, რომლებიც დამნაშავედ ცნეს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესრულებაში. გაიტუკაევი შემდგომში კოლონიაში გარდაიცვალა. ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი მკვლელობის თანამონაწილეობაში დაადანაშაულეს და 20 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლის ძმებს, იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვებს - რომლებიც პოლიტკოვსკაიას უთვალთვალებდნენ - შესაბამისად, 12 და 14 წლით მიესაჯათ პატიმრობა.