ბელარუსში პოლიტიკური მიზეზებით სულ მცირე 35 ექიმი გაასამართლეს - „ვიასნა“

ვიქტორ ბაბარიკა

2020 წელს საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან დღემდე, ბელარუსში პოლიტიკური მოტივებით აღძრული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში სულ მცირე 35 ექიმი გასამართლდა. მათგან თხუთმეტი პატიმრობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი "ვიასნა" ავრცელებს.

ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, ათობით ექიმი დააკავეს, გაასამართლეს და მიუსაჯეს ადმინისტრაციული პატიმრობა ბელარუსის წინასწარი დაკავების ცენტრებში, "არაადამიანურ პირობებში". ბევრი მათგანი სწორედ სამუშაო ადგილზე დააკავეს და "წვრილმანი ხულიგნობის", "პოლიციელების დაუმორჩილებლობის", "არასანქცირებული პიკეტირების" ან დამოუკიდებელი მედიის "ექსტრემისტული" მასალების გადაცემის ბრალდებებით გაასამართლეს. ასევე ბევრი ექიმი დაითხოვეს სამსახურებიდან პოლიტიკური შეხედულებებისთვის, ზოგს კი უბრალოდ აღარ განუახლეს კონტრაქტები. ამის გამო ბელარუსში სამედიცინო სპეციალისტების დეფიციტია: 11 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანას 4825 ექიმი სჭირდება.

ექიმების დევნის მაგალითად „ვიასნას“ მოჰყავს ექიმების საქმე ნოვოპოლოცკის საქალაქო საავადმყოფოდან, სადაც 2023 წლის აპრილში კოლონიიდან გადაიყვანეს პრეზიდენტობის კანდიდატი ვიქტორ ბაბარიკა. მოგვიანებით მის სხეულზე ცემის კვალი აღმოაჩინეს. უსაფრთხოების ძალებმა ხუთი ექიმი დააკავეს და პოლიტიკოსის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაში დაადანაშაულეს. ოთხი მათგანი ციხეში გადაიყვანეს, მეხუთე კი 3700 რუბლით დააჯარიმეს.

ასევე ნახეთ

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ვიქტარ ბაბარიკა ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს
  • ვიქტარ ბაბარიკამ, ბელარუსში ცნობილმა ბანკირმა და მეცენატმა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარი კანდიდატურის წამოყენების შესახებ 2020 წლის 12 მაისს განაცხადა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მანამდე სამი დღით ადრე გამოაცხადა არჩევნების თარიღი - 2020 წლის 9 აგვისტო.

  • მაგრამ ბანკირმა და მეცენატმა ვერც მოასწრო პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირება. ის მაშინ დააკავეს, როცა თავის ვაჟთან, ედუარდთან, და სხვა მომხრეებთან ერთად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიდიოდა კანდიდატად რეგისტრირებისთვის. მას შემდეგ ვიქტარ ბაბარიკა კოლონიაში იხდის სასჯელს - მას 14 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. მისი ვაჟი, ედუარდ ბაბარიკა, რომელიც მამის საინიციატივო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ორი წელია იმყოფება წინასწარ პატიმრობაში. მისი სასამართლო ჯერაც არ დაწყებულა.