7 ოქტომბერს ისრაელზე რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ღაზის სექტორთან მდებარე დასახლებული პუნქტების ხელში ჩაგდებას, მათი მოსახლეების მოკვლას და მძევლად აყვანას, არამედ ახლო აღმოსავლეთში მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის პროვოცირებას. ამის შესახებ ლაპარაკია The Washington Post-ის პუბლიკაციაში, რომელიც ემყარება სხვადასხვა მტკიცებულებას „ჰამასის“ გეგმების შესახებ.
სხვათა შორის, ახალი ფაქტები, რომლებზეც მიუთითებენ გამოცემის წყაროები დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებში, მოწმობს, რომ „ჰამასი“ არ აპირებდა შეზღუდულიყო თავდასხმით ისრაელის საზღვრისპირა რაიონებში მდებარე დასახლებებზე და თავდასხმის „მეორე ტალღას“ გეგმავდა.
როგორც იტყობინებიან, რეიდის ზოგიერთ მონაწილეს თან ჰქონდა რამდენიმე დღის სამყოფი სურსათი და საბრძოლო მასალა, ასევე ინსტრუქციები იმის შესახებ, რომ ისინი უფრო შორს, ისრაელის ტერიტორიის სიღრმეში უნდა გადაადგილებულიყვნენ. კერძოდ, ამტკიცებენ, რომ მათ უნდა მიეღწიათ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიებისთვის, რომლებიც პალესტინური ავტონომიის კონტროლქვეშაა, ასევე შეეღწიათ ისრაელის მსხვილ ქალაქებსა და სამხედრო ბაზებზე.
„ჰამასის“ წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მზად იყვნენ თავდასხმაზე ისრაელის რეაქციაზე, მათ შორის ოპერაციაზე ღაზის სექტორში. ისრაელის მოსახლეთა მასობრივი მკვლელობები, როგორც ირწმუნებიან, მიზნად ისახავდა ისრაელის სახელმწიფოს სწორედ ასეთი რეაქციის პროვოცირებას. ამასთან, „ჰამასი“ იმედოვნებდა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები დაიწყებოდა, ასევე კონფლიქტში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებოდნენ. ამასთან, დაჯგუფების ხელმძღვანელობა აცნობიერებდა, რომ ისრაელის საპასუხო მოქმედებები ღაზის მოსახლეობის მასობრივ სიკვდილს გამოიწვევდა.
პუბლიკაციაში ასევე მოთხრობილია, როგორ ემზადებოდა „ჰამასი“ თავდასხმისთვის. გამოცემა აცხადებს, რომ მზადება ერთ წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ოპერაციის საკვანძო ფაქტორი გახდა ისრაელის შეცდომაში შეყვანა „ჰამასის“ გეგმების თაობაზე. 7 ოქტომბრის თავდასხმის განმავლობაში „ჰამასის“ რაზმები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ დაახლოებით 30 მიმართულებიდან, ხელში ჩაიგდეს 22 დასახლებული პუნქტი, დახოცეს 1200 მშვიდობიანი მოქალაქე. რეიდის მრავალმა მონაწილემ მოახერხა ღაზის სექტორში დაბრუნება.
ისრაელმა „ჰამასის“ წინააღმდეგ მსხვილი სამხედრო ოპერაცია დაიწყო, ღაზაში სახმელეთო ოპერაცია მიმდინარეობს. „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ხელისუფლების უკანასკნელი მონაცემებით, დაიღუპა 11 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთა შორის ოთხ-ნახევარ ათასზე მეტი ბავშვია. ბევრ ქვეყანაში ტარდება პალესტინელთა მხარდამჭერი დემონსტრაციები. ზოგიერთმა ქვეყანამ ისრაელიდან ელჩი გაიწვია. მაგრამ, „ჰამასის“ გარდა, ისრაელის წინააღმდეგ არცერთ ქვეყანას ან მსხვილ დაჯგუფებას არ წამოუწყია ფართო მასშტაბის სამხედრო კონფრონტაცია.