სოფელ კოლაგში 19 000 ლარი დაიხარჯა დაუსახლებელ ადგილას სკვერის გაკეთებაზე

სკვერი სოფელ კოლაგში

2022 წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ 19 000 ლარი დახარჯა სოფელ კოლაგში სკვერის გასაკეთებლად, რომელიც სოფლისგან მოშორებით, დაუსახლებელ ადგილას მდებარეობს და ამიტომ გამოუსადეგარია - საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ფაქტი აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა. რადიო თავისუფლებას ადგილზე სკვერის ნაცვლად დახვდა ორიოდე საქანელა და ერთი აიწონა-დაიწონა.

ადგილი, სადაც სკვერია განთავსებული, შემაღლებულზე, გორაზე მდებარეობს. სკვერამდე მისასვლელი გზა იმდენად არის დაზიანებული, რომ მსუბუქი ავტომობილით იქ მისვლა გამოწვევაა.

საქანელები კოლაგის საბავშვო მოედანზე

დასკვნაში, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის შესახებ აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა, კოლაგის სკვერის გარდა, სხვა არაერთი პროექტია განხილული.

მაგალითად:

  • 2021 წელს სოფელ ვეჯინში 38 400 ლარი დაიხარჯა ტურისტული ობიექტისთვის, რომელიც არ ფუნქციონირებს. მისი ექსპლუატაციისთვის საჭიროა ტერიტორიის კეთილმოწყობა, გადასახედის, მაგიდებისა და სკამების მოწყობა;
  • სოფელ ვაჩნაძიანში 9 800 ლარი დაიხარჯა ფრენბურთის მოედნის მოსაწყობად, რომელიც იმდენად უხარისხოდ არის გაკეთებული, რომ უსწორმასწორო ზედაპირის გამო მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია.
  • სოფელ კარდენახში 447 500 ლარი დაიხარჯა "ტეტელოანთ უბნის" და "ბანკის ჩასასვლელის" რეაბილიტაციის პროექტებზე - აქ გაკეთებული სანიაღვრეები დაზიანებულია, ღვარსადენილი კი ჩახერგილი.
  • სანიაღვრეების პრობლემაა ქალაქ გურჯაანშიც. აქ წმინდა ნინოს მეორე ჩიხის და აღმაშენებლის პირველი ჩიხის რეაბილიტაციის სამუშაოებში 117 600 ლარი დაიხარჯა. წმინდა ნინოს ჩიხის ბეტონის ნაწილი დაზიანებულია, საფარის ზედაპირის დონე დაბალია, გროვდება წყალი და ვერ გადის სანიაღვრე არხში.
  • სოფელ ახაშნის საჯარო სკოლაში 21 200 ლარი დაიხარჯა იატაკის რეაბილიტაციისთვის - ახალდაგებული იატაკის ფიცრები ერთმანეთს დაშორებულია, ზედაპირი უსწორმასწოროა და ხელახლა საჭიროებს დამუშავებას.
  • 83 600 ლარი დაიხარჯა გურჯაანის პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაში - შენობაში წყალი ჩამოდის, ნალესი გარე კედლებზე ძირსაა ჩამოყრილი, შიგნით კი ერთი კედელი გამობურცულია.

აუდიტის სამსახური წერს, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტს შეეძლო ასობით ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრებინა იმ კონტრაქტორებისთვის, რომლებმაც სხვადასხვა სამუშაო უხარისხოდ, დაგვიანებით ან არასრულად შეასრულეს, თუმცა ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებია.