ორშაბათს მთელს აზიაში ნახევრად დაუშვეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დროშები. ორგანიზაციის თანამშრომლებმა წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი თავიანთ კოლეგებს, რომლებიც ღაზის სექტორში დაიღუპნენ სამხედრო კონფლიქტის დროს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის, რომელიც ევროკავშირსა და აშშ-ში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.
გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა მხარდაჭერის სააგენტომ (UNRWA) 10 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ომის დაწყებიდან ღაზის სექტორში მისი 100-ზე მეტი თანამშრომელია დაღუპული.
ისრაელი მთელს ღაზის სექტორში ბომბავს სამიზნეებს მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ სისხლიანი თავდასხმა მოაწყო სამხრეთ ისრაელის ტერიტორიაზე. მაშინ, განახლებული მონაცემებით, 1200 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 240 მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 11 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ოთხ-ნახევარ ათასზე მეტი ბავშვი იყო.
ამ მონაცემების დამოუკიდებელი დადასტურება არ ხერხდება.
ასევე ნახეთ ღაზიდან ეგვიპტეში ევაკუაცია განახლდა პაუზის შემდეგ