მძევლების საკითხზე მოლაპარაკება შეჩერდა - აცხადებს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“

"ალ-შიფის" საავადმყოფო ღაზაში. 11 ნოემბერი, 2023 წელი

რადიკალურმა პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ განაცხადა ღაზის სექტორში. ამის მიზეზი გახდა რეგიონის ჩრდილოეთში, „ალ-შიფის“ საავადმყოფოს მახლობლად მდებარე ტერიტორიის დაბომბვა, იუწყება Reuters-ი პალესტინელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

NBC News-ი თეთრ სახლში არსებული წყაროების მიხედვით იუწყება, რომ ისრაელი ცდილობს მოლაპარაკებას „ჰამასთან“ 80 ქალისა და ბავშვის გათავისუფლებაზე, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი ქალებისა და მოზარდების გამოშვების სანაცვლოდ.

NBC News-ის წყარომ არ დააკონკრეტა რამდენი პატიმარი უნდა გაათავისუფლოს ისრაელმა. ვაშინგტონს არ არის დარწმუნებული გაცვლის არცერთ სქემაში.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ადრე, 12 ნოემბერს, დაადასტურეს სამხედრო ოპერაცია საავადმყოფოს არეალში. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ „ჰამასი“ საავადმყოფოს მიწისქვეშა სამეთაურო ცენტრის საფრად იყენებს. ჯგუფი ამ ბრალდებებს უარყოფს. ირანის საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი იტყობინება, რომ საავადმყოფოში რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა ელექტროენერგიის გათიშვის დროს ჟანგბადის ნაკლებობისგან.

ისრაელის არმია ამტკიცებდა, რომ საავადმყოფოს აღმოსავლეთი ნაწილი ღია იყო მოძრაობისთვის. ისრაელის სამხედროებმა გამოაცხადეს მზადყოფნა „ალ-შიფის“ პედიატრიული განყოფილებიდან ბავშვების ევაკუაციისთვის.

გარდა ამისა, ისრაელის არმიის პრესსამსახური იტყობინება, რომ იგი ემზადებოდა 300 ლიტრი საწვავის გადასატანად საავადმყოფოში სასწრაფო-სამედიცინო მიზნებისთვის, მაგრამ ეს დაბლოკეს „ჰამასის“ წარმომადგენლებმა.

ისრაელი ახორციელებს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ. მაშინ, განახლებული მონაცემებით, 1200 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 240 მძევლად აიყვანეს და ღაზის სექტორში გადაიყვანეს. „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს უახლესი მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაიღუპა 11 ათასზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ოთხ-ნახევარ ათასზე მეტი ბავშვი იყო.

ამ შეფასებების დამოუკიდებელი დადასტურება არ ხერხდება.