სალომე ზურაბიშვილი: „მომავალი არჩევნები ერთპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსია“

სალომე ზურაბიშვილი პარიზის მშვიდობის ფორუმზე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა RFI-სთვის (Radio France Internationale) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები მონოპარტიული სისტემიდან გამოსვლის შანსი იქნება.

ზურაბიშვილს ჰკითხეს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირი საქართველოს მთავრობისგან ელოდება, რომ შეაჩეროს რუსეთის მიმართ ევროპული სანქციების გვერდის ავლა, პატივი სცეს სამართლებრივ სახელმწიფოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაცია, ფიქრობს თუ არა, რომ „საქართველოს შეუძლია გათავისუფლდეს ამგვარი ძალებისგან?“

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ საქართველო შედის ამ ფაზაში. მისი სიტყვებით, 2024 წელი საქართველოსთვის დიდი საარჩევნო წელი იქნება. სტატუსი კი, რომელსაც, მისი სიტყვებით, იმედია, საქართველო დეკემბერში მიიღებს, მოტივაციას მისცემს მოსახლეობას საარჩევნო მობილიზაციისთვის, იმის ნაცვლად, რომ აიღონ ჩემოდნები და ემიგრაციაში წავიდნენ.

„ჩვენ მოვემზადებით და საჭიროა, რომ ევროპამ ახლოდან ადევნოს თვალყური დამკვირვებლებით, განსაკუთრებული ყურადღებით და ჩართულობით, მათ შორის ეკონომიკური, რადგან ყველამ იგრძნოს, რომ არ ვართ მარტო ამ საარჩევნო წელს... ხელისუფლება შეეცდება აჩვენოს და ეს ძალიან კარგია, რომ ეს გადაწყვეტილება, ეს წინსვლა ევროპისკენ მათი მოპოვებულია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იგრძნოს, რომ წინ მივდივართ და რომ მას ჰქონდეს უსაფრთხოების შეგრძნება, იყოს მობილიზებული მომავალი არჩევნებისთვის“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველო დღემდე, მისი დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, არასოდეს გამოსულა ერთპარტიული სისტემიდან, მიუხედავად მეტ-ნაკლებად დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნებისა, რომელიც, საერთო ჯამში, უფრო დადებითად იყო შეფასებული, ვიდრე უარყოფითად, მაგრამ:

„ყოველი რეჟიმის შემთხვევაში, რომლებიც ცვლიდნენ ერთმანეთს, ვბრუნდებოდით უფრო და უფრო მონოპარტიულ რეჟიმზე, რომელიც უფრო და უფრო აკონტროლებს ინსტიტუციებს. მომავალი არჩევნები ამ სისტემიდან გამოსვლის შანსია და შანსი იმისა, რომ გადავიდეს სხვა, დემოკრატიისათვის დამახასიათებელ სისტემაზე, რომელიც უფრო ემსგავსება კოალიციას, ვიდრე ერთი პარტია, რომელიც იმარჯვებს ყველგან და შემდეგ თვლის, რომ მარტოა ხელისუფლებაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ჰუმანიტარულ კონფერენციასა და პარიზის მშვიდობის ფორუმზე იმყოფებოდა.