"ჩემს შვილს ერთი ოჯახის 6 წევრი დაესხა თავს" - საგარეჯოში 29 წლის კაცი მოკლეს

მოკლულის ოჯახის ეზო, სამძიმარი. სოფელი ქეშალო, კახეთი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მუღანლოს თემში შემავალ სოფელ ქეშალოში, დააკავეს 33 წლის კაცი, რომელსაც გამოძიება მეზობელ სოფელში, ლამბალოში, მცხოვრები 29 წლის ჯავიდ მამედოვის მკვლელობას ედავება.

დაკავებული საგარეჯოს წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

შემთხვევა სოფელ ქეშალოში მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულიც და მოკლულიც ახლობლის ქორწილში იმყოფებოდნენ.

„ჩემი შვილი ქორწილიდან სახლში ბრუნდებოდა ავტომობილით. მოძალადეები ქუჩაში დახვდნენ, გზა გადაუკეტეს და საქმის ქუჩურად გარჩევა დაიწყეს“, - ამბობს მოკლულის მამა უსუფ მამედოვი.

მისივე ინფორმაციით, ოჯახს მკვლელობაში ბრალდებულის 150 ათასი ლარი მართებდა (ცხვარი შეიძინეს), რომლის ნაწილიც უძრავი ქონების (კვების ობიექტი) გადაფორმებით გადაიხადეს და დარჩენილი ნაწილის გადახდასაც აპირებდნენ, თუმცა ბრალდებული მოითხოვდა თანხის დაუყოვნებლივ გადახდას.

„ჩემი შვილის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული, თუმცა, სინამდვილეში, მას ერთი ოჯახის 6 წევრი დაესხა თავს, მათგან სამი ქალი იყო. ჩემი შვილი ჯერ სცემეს და შემდეგ მოკლეს. ეს ყველაფერი სათვალთვალო კამერებით უნდა იყოს გადაღებული და გამოძიება თუ შეისწავლის ამ მასალებს, იქ ყველაფერი გამოჩნდება. მე როგორც მითხრეს, უშალოდ ჩემი შვილის მკვლელი ის კი არ არის, ვინც ახლაა დაჭერილი, არამედ მისი პატარა ძმა, თუმცა მკვლელობა მეორემ დაიბრალა. მოვითხოვ იმ ადამიანების დაკავებასაც, ვინ თავდასხმასა და მკვლელობაში მონაწილეობდა“, - უთხრა ჟურნალისტებს მოკლულის მამამ, უსუფ მამედოვმა.

რადიო თავისუფლებამ სცადა იმ ოჯახთან დაკავშირება, რომლის ერთი წევრიც მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ, დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლშიც არ მისულან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს საქმეში მონაწილე და სხვა პირების გამოკითხვა.

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულს ბრალს თელავის რაიონულ სასამართლოში 13 ნოემბერს წაუყენებენ.