გარდაიცვალა ჩეხი სახელმწიფო მოღვაწე კარელ შვარცენბერგი

კარელ შვარცენბერგი. პრაღა. 8 ივლისი, 2019 წელი

11 ნოემბერს გარდაიცვალა კარელ შვარცენბერგი, ჩეხი პოლიტიკოსი, რომელსაც ორჯერ ეკავა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ჩეხეთის მედიამ 12 ნოემბერს გაავრცელა.

85 წლის შვარცენბერგს ჩეხეთის და შვეიცარიის მოქალაქეობა ჰქონდა. იგი ვენის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ერთ კვირაში მას შემდეგ, რაც ჩეხეთიდან ავსტრიაში გადაიყვანეს.

ჩეხოსლოვაკიაში დაბადებული შვარცენბერგი იყო ჰაბსბურგთა ყოფილი იმპერიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი არისტოკრატიული ოჯახის - შვარცენბერგების გვარის მეთაური, ფლობდა კრუმაუს ჰერცოგის, კლეტგაუს ლანდგრაფისა და ზუსტის გრაფის ტიტულებს.

როგორც პოლიტიკოსმა, დიდი როლი ითამაშა პოსტკომუნისტური ჩეხოსლოვაკიის და შემდგომ ჩეხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში: იყო პრეზიდენტ ვაცლავ ჰაველის კანცელარიის ხელმძღვანელი, მონაწილეობდა სენატის მუშაობაში, იყო საგარეო საქმეთა მინისტრი 2007-2009 და 2010-2013 წლებში.

2013 წელს კარელ შვარცენბერგმა მონაწილეობა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნებში და მეორე ტურში დამარცხდა მილოშ ზემანთან.

ის იყო ლიბერალური პარტია TOP 09-ის თავმჯდომარე.