საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გასამართლება არარეალურია.
„ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ თუ არა, რომ ეს რეალისტურია - არა“, - ეუბნება ზურაბიშვილი ფრანგულ ტელეარხ LCI-ს და ამატებს: „იმიტომ, რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება. არ ვართ ალისას [საოცრებათა] სამყაროში“.
პრეზიდენტის თქმით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში დასრულდება მოლაპარაკებით, რადგან „ყველაფერი სრულდება მოლაპარაკებით, რომ დაფიქსირდეს საბოლოო შედეგი“. მისივე თქმით, რუსეთი უნდა გახდეს სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიების ოკუპაციაზე.
„მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ამ საბოლოო მოლაპარაკებამ უნდა მოიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, უნდა მოიცვას დნესტრისპირეთიდან გამოსვლაც. მხოლოდ ზელენსკი არ დაიბრუნებს სრულად უკრაინის ტერიტორიებს, რაც უმთავრესი მიზანია, მაგრამ საჭიროა, რუსეთი თავის საზღვრებში დაბრუნდეს“, - ამბობს სალომე ზურბიშვილი.
პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის ძირითადი მხარდამჭერები არიან საფრანგეთი და გერმანია - „ისინი, ვინც გუშინ, ბუქარესტში, მაგალითად, დაბლოკეს კანდიდატურები ნატოში“.
მისივე თქმით, დიდი გზა უკვე გავლილია და გაიხსნა რეალური ევროკავშირის გაფართოების გზა ასოცირებული ტრიოსთვის.