ისრაელმა გადახედა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დარუპულთა რიცხვს და ის 1200-მდე შეამცირა. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
თავდაპირველად ოფიციალური მონაცემი 1400 იყო.
გამოცემა წერს, რომ სამინისტროს პრესსპიკერი დეტალებზე არ ლაპარაკობს. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო დამწვარი ცხედრები არასწორად იქნა იდენტიფიცირებული, როგორც ისრაელის მოქალაქეებისა, სინამდვილეში კი ეკუთვნოდა „ჰამასის“ მებრძოლებს.
ისრაელში ომი 7 ოქტომბრის დილით, ღაზის სექტორიდან ტერორისტების მასიური სარაკეტო თავდასხმებით, „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ მებრძოლების ისრაელში შეჭრითა და მძევლების აყვანით დაიწყო.
- ღაზის სექტორში დაღუპულია 10 800-ზე მეტი ადამიანი.
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს.
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას.
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.