თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელიც გენდერული ნიშნით, ბიძაშვილს რამდენიმე საათის განმავლობაში სცემდა და ელექტროშოკით აწამებდა. ახალგაზრდა ქალი მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.
შემთხვევა 2023 წლის 28 აპრილს თბილისში, ჰუალინგის დასახლებაში მოხდა.
"მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბრალდებული დაზარალებულის ბინაში საცხოვრებლად გადავიდა და გადაწყვიტა ეკონტროლებინა ბიძაშვილის ცხოვრება, მისი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, მეგობართან", - წერია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სახელით, ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება გუშინ, 9 ნოემბერს, მიიღეს. მათ მიიჩნიეს, რომ კაცმა გენდერის ნიშნითა და განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა ბიძაშვილი. გამოძიება მიმდინარეობდა 53 პრიმა - 109-ე მუხლებით - გენდერული ნიშნით განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში.