ლევან დოთიაშვილი მოჰყვა, რა მოხდა კირბალის ეკლესიასთან

ლევან დოთიაშვილი

საოკუპაციო ძალების უკანონო პატიმრობიდან 9 ნოემბერს გათავისუფლებული ლევან დოთიაშვილი მედიასთან მოჰყვა 6 ნოემბერს სოფელ კირბალის მიმდებარედ ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან მომხდარის შესახებ. დოთიაშვილმა აღწერა ვითარება, როგორ დაიწყო რუსმა სამხედრომ სროლა, რის შედეგადაც სასიკვდილოდ დაიჭრა თამაზ გინტური.

ლევან დოთიაშვილის თანახმად, მან და თამაზ გინტურმა დაინახეს რუსი სამხედრო, რომელიც რაციით ლაპარაკობდა. „თავიდანვე რომ მოვიდა, გამაფრთხილებელი გაისროლა. იმის მერე ვისაუბრეთ“, - ამბობს ლევანი. მისი თქმით, სამხედროს თამაზ გინტური გამოელაპარაკა და ლევანს მანქანაში ჩაჯდომისკენ მოუწოდა.

„თამაზი ელაპარაკებოდა. თამაზმა მითხრა, დაჯექი მანქანაშიო. მე არ გამიგია, რას ელაპარაკებოდა. წამოვიდა [თამაზი] ჩვეულებრივად, დაწყნარებულად დაჯდა“, - ამბობს ლევან დოთიაშვილი და განაგრძობს:

„როგორ კი დავძარით მანქანა, ეგრევე სროლა, სროლა-სროლით მოგვდევდა ეს რუსი ჯარისკაცი... დამიზნებით გვესროდა ჯერ საბურავში, მერე გამიზნული სროლა. გავიარეთ დაახლოებით 15-20 მეტრი და თამაზმა თქვა, დამჭრაო. ავტომატურად მანქანა გაჩერდა. მე გადმოვხტი, გადმოვიყვანე თამაზი მანქანიდან. თვითონ ეს რუსი ჯარისკაცი მომეხმარა გასწორებაში. ვუთხარი, უფლება მომეცი, სასწრაფოში დავრეკო-მეთქი. თვითონ თამაზის პირადი ტელეფონი ავიღე. დავრეკე სასწრაფოში, ამა და ამ ადგილზე ვართ-მეთქი. შემდეგ დარეკა პოლიციამ. ანალოგიური ადგილი ვუთხარი, სად ვარ, როგორ ვარ და შემდეგ, დაახლოებით 6-7 წუთში, 7 რუსი ჯარისკაცი მოდის. ამ დროს მე დამარტყა ერთ-ერთმა დაუნდობლად, მიწაზე დამაწვინა და თამაზს დაუწყეს პლასტირის დადება. ამ პროცესში მე უკვე ხელბორკილები დამადეს, წამიყვანეს ტყის მიმართულებით და მე თამაზი აღარ მინახავს“, - ამბობს ლევან დოთიაშვილი.

მისი სიტყვებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის დროს, ის უკვე აღარ იყო იქ, 112-ში კი მანამდე თავად დარეკა თამაზ გინტურის მობილური ტელეფონით, რადგან თავისი ტელეფონი მანქანაში დარჩა და გადმოტანას ვერ ასწრებდა. თამაზი რომ გადმოვიყვანე, „კურტკის“ ჯიბეში ედო ტელეფონი და გადმოვარდა მაგ დროს და იმ მომენტში ის ვიხელთე. თამაზი ჩემს ხელში უკვე, სავარაუდოდ, დაღუპული იყო“. დოთიაშვილის თქმით, დაინახა ვინც ესროლათ, მაგრამ ვერ ამოიცნობს.

ის ჰყვება, რომ გზაში სცემეს, თუმცა ცხინვალის ციხეში არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად არ უძალადიათ. ცხინვალამდე კი ღრომში მიიყვანეს.

გზაში იყო შეურაცხყოფაც, დარტყმაც. ერთი იყო [ვინც მირტყამდა] ხან კონდახით, ხან ხელით, მაგას ნამდვილად ვეღარ ვიგებდი... ცხინვალს ციხეში ყოველდღე გავყავდი [დაკითხვაზე]. ვერ ვიტყვი იმას, რომ შეურაცხყოფას მაყენებდნენ ცხინვალის ციხეში და ზეწოლა იყო - არა. თუ ნერვიულობ, დაწყნარდი, წყალი ხომ არ გინდაო [მეუბნებოდნენ]. სანამ მივედით, მანამდე იყო [ძალადობა], ოღონდ იმათთვის არ მითქვამს, რომ გზაში ხელი დამარტყეს, წავიქეცი-მეთქი და ეგ არის. ერთი ჩამარტყა წიხლი. თავიდან ვიყავი ღრომში, მერე ცხინვალში. ღრომში დამკითხეს. მეკითხებოდნენ, რა მოხდა, ყველანაირად გიტრიალებენ კითხვას. თვითონაც გაუკვირდათ, ალბათ, ეგეთი რამე არ მომხდარა“, - ჰყვება ლევან დოთიაშვილი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი 9 ნოემბერს ერგნეთში გადასცა საქართველოს სამართალდამცველებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ, ერგნეთში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ლევან დოთიაშვილი არის თამაზ გინტურის მკვლელობის თვითმხილველი. ლევან დოთიაშვილი მოწმის სტატუსით უკვე გამოიკითხა.

9 ნოემბერს, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებამდე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა ლევან დოთიაშვილის ჩვენების ვიდეო, რომელშიც ის ჰყვებოდა ტაძართან მისვლასა და კარის გაღებაზე, თუმცა თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ საუბარი არ ყოფილა.

7 ნოემბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტელევიზიამ გაავრცელა, სავარაუდოდ, მოკლული თამაზ გინტურის ტელეფონით გადაღებული ვიდეოკადრები.

კადრებში, რომელთა გადაღების თარიღი უცნობია, ჩანდა, როგორ აღებდნენ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშის კარს, რომელიც საოკუპაციო ძალების მიერ იყო ჩაკეტილი. ვიდეოში ასევე ჩანდა, როგორ ამტვრევდა ლევან დოთიაშვილი კარს და როგორ შედიოდნენ ეკლესიაში თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი.

6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა სამხედროებმა დაკავების მცდელობისას სასიკვდილოდ დაჭრეს 58 წლის თამაზ გინტური, 33 წლის ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

თამაზ გინტურის ძმამ, გივი (ნიკოლოზ) გინტურმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ დაღუპულს ზურგში ორი ტყვია აქვს მოხვედრილი.

გივი გინტურმა თქვა ასევე, რომ იცის მკვლელების ვინაობა. იგი მისთვის სანდო წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ თამაზ გინტური სასიკვდილოდ დაჭრა ორმა რუსმა ე.წ. მესაზღვრემ, რომელთაც აქვთ მაიორის წოდება.

ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან კირბალის, მეჯვრისხევის, ზერტის და ბერშუეთის მცხოვრებლები ყოველწლიურად რელიგიური რიტუალის შესასრულებლად მიდიოდნენ 2018 წლამდე. 2018 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ადგილი ოკუპირებულად გამოაცხადეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე საგუშაგოც მოაწყვეს. 2018 წლის 30 მაისს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ "ცხელი ხაზის" მეშვეობით საქართველოს უსაფრთხოების სამსახური გააფრთხილა, რომ სალოცავში მისვლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავებდნენ და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანდნენ.

ასევე ნახეთ "მყიფე მშვიდობა", მკვლელობა კირბალის ეკლესიასთან და ზღვარი სიფრთხილესა და შეგუებას შორის