მადრიდში ესროლეს ევროპარლამენტის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს

ესპანეთის მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიების მომხრეები მადრიდში აპროტესტებენ მთავრობის გეგმას, კატალონიელი სეპარატისტებისთვის ამნისტიის გამოცხადების შესახებ

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაჭრეს ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალეხო ვიდალ-კუადრასი. 78 წლის პოლიტიკოსს 9 ნოემბერს საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან სახეში ესროლა ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა. პოლიცია ეძებს 2 ეჭვმიტანილს, რომლებიც დანაშაულის ადგილიდან მოტოციკლით გაიქცნენ.

ესპანური გამოცემა El Pais-ის ინფორმაციით, ვიდალ-კუადრასი, რომელსაც ტყვიამ ყბაში გაუარა, მადრიდის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ალეხო ვიდალ-კუადრასი 2014 წლამდე იყო „სახალხო პარტიაში“, რომელიც დატოვა ახალი, ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის დაფუძნების შემდეგ. ესპანელი პოლიტიკოსი წევრია ისრაელის ევროპელი მეგობრების ლობისტური ჯგუფის, რომლის მიზანია ევროკავშირში ისრაელის ინტერესების დაცვა.

ვიდალ-კუადრასზე თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. თავდასხმა მოხდა მადრიდში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე. ესპანეთის მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პარტიების მომხრეები აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, პედრო სანჩესის გეგმას, კატალონიელი სეპარატისტებისთვის ამნისტიის გამოცხადების შესახებ. ამნისტიას მკაცრად აკრიტიკებს ვიდალ-კუადრასიც.