საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი შეხვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, შეხვედრა ელჩის ინიციატივით გაიმართა. „საუბრისას ხაზი გაესვა ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეთა განმავლობაში არსებულ ძმურ ურთიერთობას. ამასთანავე, ქ-ნმა ჰადას მეიცადმა დამსწრეთ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გააცნო და დაწვრილებით ისაუბრა 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმისა და განვითარებული მოვლენების შესახებ", - ვკითხულობთ ცნობაში.
საპატრიარქოს თანახმად, ილია მეორემ მწუხარება გამოთქვა ისრაელში გარდაცვლილთა და გატაცებულთა გამო, სამძიმარი გამოუცხადა დაზარალებულთა ოჯახებს და დასძინა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლოცულობს მშვიდობისა და მძევალთა გათავისუფლებისათვის.
ასევე ნახეთ "ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა..." - სინოდმა უკრაინაში და "წმინდა მიწაზე" წარმოებული ომები დაგმოშეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს;
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 10300-ზე მეტი ადამიანი;
- ისრაელის არმიის ცნობით, „ჰამასს“ 240-ზე მეტი მძევალი ჰყავს;
- დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა მისგან მოითხოვენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვას;
- ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის და უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო ისრაელს ადანაშაულებს საერთაშორისო სამართლის დარღვევაში. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ მისი სამიზნეა მხოლოდ „ჰამასი“, რომელიც სამოქალაქო მოსახლეობას ფარად იყენებს.