საფრანგეთში, მშვიდობის ფორუმის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ელისეს სასახლეში შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ილაპარაკეს ევროკომისიის რეკომენდაციაზე, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. „საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამავე ცნობით, პრემიერმა მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა „საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე". ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა. „სასიამოვნო იყო საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრა. მადლობელნი ვართ ევროპეიზაციის გზაზე პრეზიდენტის მიერ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერისთვის და მიგვაჩნია, რომ საფრანგეთი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ეტაპების წარმატებით გავლაში დაგვეხმარება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში.
მშვიდობის ფორუმი 10 და 11 ნოემბერს გაიმართება. საფრანგეთის დედაქალაქში დაგეგმილი ფორუმის მონაწილეებს შორის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გარდა, არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი, პროგრამის მიხედვით, შარლ მიშელთან ერთად მონაწილეობს პანელურ დისკუსიაში.
საფრანგეთში მშვიდობის ფორუმზე დასასწრებად უკვე გაემგზავრა სალომე ზურაბიშვილიც. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია.
ასევე ნახეთ პრეზიდენტს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით არ მოუმართავს - მთავრობის ადმინისტრაცია8 ნოემბერს პრეზიდენტი ორბელიანების სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა პარიზში 10-11 ნოემბერს დაგეგმილ მშვიდობის ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ღონისძიება კარგი საშუალება იქნება დეპოლარიზაციის მაგალითის მისაცემად.
„ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი] ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს. დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი. იმის გათვალისწინებით თუნდაც, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. მის სიტყვებს ათონელის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.
ასევე ნახეთ „გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა" - ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი პარიზში ფორუმს დაესწრებიანსალომე ზურაბიშვილისთვის უშედეგოდ დასრულებული იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, ეს იქნება პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.
კონსტიტუციის თანახმად, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გუშინ, 8 ნოემბერს, გაემგზავრა.