"დივერსიულ ჯგუფს" ოკუპირებულ აფხაზეთში ვერტმფრენითაც ეძებენ

ფოტო არქივიდან

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში "დივერსიული ჯგუფის" ძებნა გრძელდება, ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „Апсны.Иахьа“ ავრცელებს.

„გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთაში დივერსიული ჯგუფის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უშიშროების ძალების წარმომადგენლები წავიდნენ სოფელში ინფორმაციის გადასამოწმებლად“, - განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შს მინისტრმა რობერტ კიუტმა.

მისი თქმით, „უშიშროების ძალები“ მთელი ღამის განმავლობაში ატარებდნენ სამძებრო სამუშაოებს და ამოწმებდნენ ტერიტორიას. სამუშაოებში ჩართული იყო ქვეითი დანაყოფები და ავიაცია.

ოკუპირებული აფხაზეთის „შინაგან საქმეთა მინისტრის“ გარდა, ადგილზე არიან „ვიცე-პრეზიდენტი“ ბადრა გუნბა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი“ დიმიტრი დბარი, „თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე" ბესლან ცვიჟბა, „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე" თემურ აჰიბა, „პარლამენტის თავმჯდომარე" ლაშა აშუბა, „პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე" თემურ შერგელია.

ასევე ნახეთ ვრცელდება ცნობები, რომ აფხაზეთის დე ფაქტო შსს შეიარაღებულ დაჯგუფებას ეძებს

ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტი" ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია 7 ნოემბერს "სამუშაო ვიზიტით" გაემგზავრა რუსეთის ფედერაციაში, სადაც შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობაში.

რობერტ კიუტის თქმით, „არსებული ნიშნებით, დივერსიული ჯგუფის კვალი არ აღმოჩენილა, ძებნა გრძელდება“.

„საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ“ თავდაპირველად დაწერა კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის „ტელეგრამ“-არხმა Соловьев LIVE-მა. როგორც ის აღნიშნავდა, ჯგუფის შესვლის მიზანი „სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა" იყო. მოგვიანებით Соловьев LIVE-მა ცნობა წაშალა.

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, „აფხაზეთის ძალოვანი უწყებები მთებში ეძებენ რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანს". მონადირეებისგან მიღებული მონაცემებით, „მათ უცხოური იარაღი აქვთ, აცვიათ შავი ფორმა, უკეთიათ ნიღბები და კარგად არიან ეკიპირებული“.

აფხაზური წყაროების მიერ გავრცელებულ ცნობაზე თბილისში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.