საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.
გუშინ, 8 ნოემბერს, პრეზიდენტი ორბელიანების სასახლის წინ სიტყვით გამოსვლისას გამოეხმაურა პარიზში 10-11 ნოემბერს დაგეგმილ მშვიდობის ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ღონისძიება კარგი საშუალება იქნება დეპოლარიზაციის მაგალითის მისაცემად.
„ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც მონაწილეობა უნდა მივიღო შარლ მიშელთან [ევროპული საბჭოს პრეზიდენტი] ერთად პანელში, რომელიც განიხილავს კრიზისებს და კონფლიქტებს. დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი. იმის გათვალისწინებით თუნდაც, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა", - განაცხადა ზურაბიშვილმა. მის სიტყვებს ათონელის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეების ოვაციები მოჰყვა.
ასევე ნახეთ „გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა" - ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი პარიზში ფორუმს დაესწრებიანგანახლება:
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია. სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში უკვე გაემგზავრა.
სალომე ზურაბიშვილისთვის უშედეგოდ დასრულებული იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, ეს იქნება პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ.
16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა, რომ ევროკავშირის სამ ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე მოგზაურობით, სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია.
18 ოქტომბერს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას, საქართველოს პარლამენტში ვერ მოგროვდა 100 დეპუტატი, რომლებიც მხარს დაუჭერდნენ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას.
კონსტიტუციის თანახმად, ამავე საფუძვლით პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას ვერ დაიწყებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გუშინ, 8 ნოემბერს, გაემგზავრა.
მშვიდობის ფორუმი 10 და 11 ნოემბერს გაიმართება. საფრანგეთის დედაქალაქში დაგეგმილი ფორუმის მონაწილეებს შორის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გარდა, არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზურაბიშვილი, პროგრამის მიხედვით, შარლ მიშელთან ერთად მონაწილეობს პანელურ დისკუსიაში.