ნობელის პრემიის ლაურეატი ნარგეს მოჰამადი, რომელიც პატიმრობაშია ირანში, საავადმყოფოში გადაიყვანეს

ნარგეს მოჰამადი

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ირანელი აქტივისტი ქალი ნარგეს მოჰამადი, რომელიც პატიმრობაში იმყოფება ირანში, საავადმყოფოში გადაიყვანეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისთვის. მანამდე მან შიმშილობა გამოაცხადა ციხის თანამშრომელთა მოქმედებების გასაპროტესტებლად, რომლებმაც ორჯერ შეუშალეს მას ხელი საავადმყოფოში მკურნალობის გასავლელად, ვინაიდან ის ჰიჯაბს არ ატარებდა.


მოჰამადისთან ახლოს მყოფმა ორმა აქტივისტმა დამოუკიდებლად დაწერა სოციალურ ქსელებში, რომ ნობელის პრემიის ლაურეატი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება და სამედიცინო შემოწმებას გადის მას შემდეგ, რაც მიმდინარე კვირის დამდეგს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „არასახარბიელოდ“ იქნა მიჩნეული.


მოჰამადის ქმარმა, თაღი რაჰმანიმ, მიმდინარე კვირაში განაცხადა, რომ მიუხედავად „გულის ორი სისხლძარღვის 50-პროცენტიანი დახშობისა“ და ციხის ექიმის განკარგულებისა, „დაუყოვნებლივ გაეგზავნათ“ მოჰამადი საავადმყოფოში, ევინის ციხის ხელმძღვანელობამ „უარი თქვა“ მისი მეუღლის განთავისუფლებაზე სათანადო სამედიცინო დახმარებისთვის.


„საბედნიეროდ, დღეს ნარგეს მოჰამადი საავადმყოფოში გაგზავნეს სამედიცინო გამოკვლევისთვის“, - წერს სოცქსელ X-ში (ყოფილი ტვიტერი) ფოტოჟურნალისტი და ქალთა უფლებების აქტივისტი ალიეჰ მოთალებზადე.