დიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიას დაამატა 29 ფიზიკური პირი და კომპანია, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსულ ბიზნესთან ოქროსა და ნავთობის მოპოვებისა და სტრატეგიული სექტორების სფეროში. როგორც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ლონდონი მიიჩნევს, რომ მათ კავშირი აქვთ უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსებასთან.
სანქციები შეეხო რუსეთში ოქროს უმსხვილეს მომპოვებლებს - დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ Highland Gold Mining Ltd.-ს და Severstal-თან აფილირებულ Nordgold-ს, Krastsvetmet-სა და რუსეთის მრეწველებისა და მეწარმეთა კავშირს. პირადი სანქციები შეეხოთ მსხვილ ბიზნესმენებს, კერძოდ, Highland Gold-ისა და Ecopolis-ის მთავარ აქციონერ ვლადისლავ სვიბლოვს, Yuzhuralzoloto-ს პრეზიდენტ კონსტანტინ სტრუკოვს, მილიარდერ ალექსეი მორდაშოვის მეუღლეს და ბიზნესპარტნიორს, მარინა მორდაშოვას, უძრავი ქონების მენეჯერებს, სერგეი და ვადიმ ტრეგუბებს.
ტრეგუბის ბიძა და ძმისშვილი ადრე გახდნენ გახმაურებული გამოძიების გმირები, რომელსაც ალექსეი ნავალნის გუნდი აწარმოებდა გამოცემა „პროექტთან“ ერთად. გამომძიებლები აცხადებენ, რომ მათ სამართავად მიიღეს სხვადასხვა უძრავი ქონება, რომლის საერთო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება და რომლის რეალური მომხმარებელია „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.
საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის თავმჯდომარე მარია პევჩიხი სოციალურ ქსელ X-ში ტრეგუბების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ასე გამოეხმაურა: „შესანიშნავი ამბავია“.
მთლიანობაში ამჟამად გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში რუსულ ბიზნესთან დაკავშირებული 1800-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანიაა.