2024 წლის 1 იანვრიდან, ის ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ აბორტის გაკეთებას, ვალდებულნი არიან, ხუთდღიანი მოცდის პერიოდის შემდეგ, კონსულტაცია არა მხოლოდ ექიმ-გინეკოლოგთან გაიარონ, არამედ ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთანაც - „სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ, ექიმის საკონსულტაციო ოთახში“.
ქალთა უფლებების დამცველებს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მკვლევრებსა და ქალი პოლიტიკოსების ნაწილს, რომლებმაც ამ ცვლილების შესახებ მხოლოდ გამოქვეყნების მერე შეიტყვეს, არაერთი კრიტიკული კითხვა გაუჩნდათ. ჯანდაცვის მინისტრის 2023 წლის 26 ოქტომბრის ამ ბრძანებით კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებაც შევიდა 2014 წლის ბრძანებაში - ,,ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“.
ქალთა უფლებების დამცველები აბორტის წესის ცვლილებებს უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ, ამბობენ, რომ ეს ქალებს დამატებით ბარიერებს შეუქმნის და შიშობენ, რომ გაიზრდება არალეგალური აბორტების რიცხვიც.
ამ სტატიაში რამდენიმე მთავარი კითხვა დავსვით:
- რას ემსახურება ეს საკანონმდებლო ცვლილება?
- რატომ გახდა ის საჭირო?
- ვის გაუმარტივებს ან გაურთულებს ეს ცვლილებები ცხოვრებას?
- ვინ იცოდა მათ შესახებ?
- ქალებს ჰკითხეს რამე?
აბორტის შესახებ მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ:
- თუ აბორტამდე მოსაფიქრებელი 5-დღიანი პერიოდის ვადა დაირღვევა, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
- აბორტისწინა კონსულტაციის და განსაზღვრული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის ამოწურვის შემდეგ, პროცედურამდე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის შედეგები უნდა ჩაიწეროს და სურათი უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
ცვლილებები შეეხო აბორტის გაკეთების ვადებსაც.
კერძოდ:
- 7 კვირამდე (<49 დღე) ვადის ორსულობისას, მედიკამენტური აბორტი უნდა გაკეთდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ.
- 7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით, შეუძლია სერტიფიცირებულ ექიმ მეან-გინეკოლოგს სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლება.
- 10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი შესაძლებელია სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ.
- ხოლო 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა შეიძლება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში. პროცედურას ატარებს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგი და შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ საკოორდინაციო საბჭოს. ეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებაა.
„აბორტების რიცხვი ასე არ შემცირდება - ეს ბარიერად იქცევა ქალებისთვის“
„თუ ეს ცვლილება არ არის ბარიერი, მაშინ ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს ცვლილება? თუ ბარიერია, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრ ქალს ჰკრავ ხელს არალეგალური, თვითნებური აბორტისკენ, რაც კატასტროფაა“, - გვითხრა ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ.
არაერთი კოლეგის მსგავსად, ბაია პატარაიაც მიიჩნევს, რომ აბორტის გაკეთების მოლოდინში მყოფი ქალისთვის, კონსულტაცია ფსიქოლოგთან და სოცმუშაკთან ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა სავალდებულო:
„რაც ნაკლებ ადამიანს ეცოდინება კონკრეტული ქალის პირადი რეპროდუქციული ცხოვრების შესახებ, მით უფრო კომფორტულად გრძნობს ქალი თავს. მით უმეტეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც ექიმები ამ კონფიდენციალობას საერთოდ არ იცავენ - ახლა კი რა გამოდის? ქალმა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს აბორტის გაკეთება, ჯერ ხომ ისედაც ხუთი დღე უნდა იცადოს, მერე კი, ექიმის გარდა, კიდევ ცალკე საბჭოს დაუჯდეს და ელაპარაკოს ამაზე. საბჭოს, რომლის ფუნქციაც ჯერ არც კი ვიცით როგორი იქნება - გამამხნევეველი თუ პირიქით, შემარცხვენელი“.
ჯერ უპასუხოა კითხვა - ვინ იხდის ამ სერვისის ფასს? თან მაშინ, ამბობს „საფარის“ ხელმძღვანელი, როცა ლეგალურ აბორტსაც კი, დაზღვევა არ ფარავს.
„თუ ეს ცვლილება გაზრდის მომსახურების ფასს, ქალები ავტომატურად დაიწყებენ თვითნებური აბორტების გზების ძიებას, რაც ქალების ჯანმრთელობის საფრთხეებსაც გაზრდის. ბარიერების შექმნა კი ნიშნავს აბორტების გადასროლას მიწისქვეშეთში“.
თუ სახელმწიფოს მიზანი ქვეყანაში აბორტების რიცხვის შემცირებაა, - გვეუბნება ბაია პატარაია, - ამის მიღწევა შესაძლებელია რეპროდუქციული პოლიტიკის ცვლილებით: ქალებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია და ხელი მიუწვდებოდეთ კონტრაცეპტივებზე.
„მაგრამ დღეს რა ხდება? ამ კუთხით ჩვენ საერთოდ ვერ ვვითარდებით... თუ ამ ცვლილების მიზანი დემოგრაფიის გაზრდაა, მაინც არასწორი გზაა არჩეული, იმიტომ, რომ საქართველოში, დემოგრაფიული პრობლემის სათავე სიღარიბეა და მას უნდა ებრძოლო. დედა გააძლიერო. მისი პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ბაია პატარაიამ.
ასევე ნახეთ მონათლე და დამარხე. რა გამოიწვია აბორტების აკრძალვამ პოლონეთში„ხვალ მართლა გილეადში გავიღვიძებთ“
ღელავენ სოციალურ ქსელებში არსებულ ქალთა დახურულ ჯგუფებშიც - წერენ, რომ თუ ამ გადაწყვეტილებას ქალების პროტესტი არ მოჰყვა, შესაძლოა, ხვალ საქართველომ, ნამდვილ „გილეადში“ (დისტოპიური ქვეყანა მარგარეტ ეტვუდის ცნობილი რომანიდან, „მხევლის წიგნი“, სადაც ადამიანებზე, განსაკუთრებით კი ქალებსა და ლგბტქ+ საზოგადოების წარმომადგენლებზე ყოველდღურად ძალადობენ) გაიღვიძოს.
„ამას პოსტ-ფაქტუმ რატომ ვიგებთ?“;
„მაგ ცვლილების მაგივრად გაუპატიურების კანონში შეეტანათ ცვლილება“;
„რა სოცმუშაკი და ფსიქოლოგი. რუსეთის კლინიკებში რაც ხდება, იგივე გადმოაქვთ აქაც. პაციენტი მიწასთან უნდა გაასწორონ მორალურად“;
„უკვე მესმის სოცმუშაკის სიტყვები: გააჩინე და გააშვილე, ცოდვა არ დაიდო“;
"ეს “ცვლილებები”, ალბათ, იმითაა გამოწვეული, რომ წინასაარჩევნოდ კოჭი გაუგორონ ეკლესიას“;
წერენ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის წევრები.
ერთ-ერთი მათგანი, ფემინისტი აქტივისტი მარი ყანჩაველი შიშობს, რომ ეს ცვლილება არ იყოს პირველი ნაბიჯი, რასაც მომავალში აბორტის ამკრძალავი სხვა საკანონმდებლო რეგულაციებიც მოჰყვება და ქალებისთვის ეს პროცესი კიდევ უფრო გართულდება.
ასევე ნახეთ აბორტი და კონტრაცეფცია - „წყვილმა გადაწყვეტილება ერთად უნდა მიიღოს“"ქალთა უფლებების საწინააღმდეგო, სექსისტური და მიზოგინური"
ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე წლებია მუშაობს გენდერის მკვლევარი ლიკა ჯალაღანიაც, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსგან აინტერესებს, რატომ შეცვალეს ბრძანება ისე, რომ არაფერი ჰკითხეს თავად ქალებს? იმ ჯგუფებს, ვინც იკვლევს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს და აქვს ქალთა მიმართ ძალადობის სფეროში მუშაობის გამოცდილებაც.
მისთვის კიდევ ერთი უპასუხო კითხვაა - კონკრეტულად რა მონაცემებს, რა ანალიზსა და კვლევას ან საერთაშორისო რეკომენდაციებს დაეყრდნო სამინისტრო, როდესაც ბრძანებაში ამ ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა?
"ვეჭვობ, რომ არანაირი მოკვლევა არ ჩატარებულა, მსგავსი ცვლილება ქალებსა და გოგონებზე რა გავლენას მოახდენდა“.
დღეს, აბორტი ასე კეთდება - ექიმთან კონსულტაცია, შემდეგ რადიოლოგიური კვლევა ორსულობის ვადის დასადგენად, შემდეგ ქალს აქვს ხუდღიანი მოსაცდელი ვადა, რის შემდეგაც ის კლინიკაში ბრუნდება და ისევ იკეთებს ექოსკოპიას. ახალი ცვლილებით, ამას ემატება სავალდებულო კონსულტაცია სოციალურ მუშაკთსა და ფსიქოლოგთან.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირდაპირ უთითებს, რომ ასეთი ბარიერები, რომლებსაც ქალებისა და გოგონებისათვის არ მოაქვს კარგი შედეგი, პროცესს მხოლოდ ართულებს. ჩემი შეფასებით, ეს ცვლილებები არის ქალთა უფლებების საწინააღმდეგო, სექსისტური და მიზოგინურიც კი, რადგან ამით ვამბობთ, რომ ქალს, რომელმაც უკვე მიიღო ავტონომიური გადაწყეტილება, კიდევ სჭირდება უამრავ სპეციალისტთან გასაუბრება იმისთვის, რომ აბორტის გაკეთება გადაწყვიტოს, თითქოს მისი ნება საკმარისი არ არის".
ამ პრობლემას აქვს მეორე, ტექნიკური მხარეც, რომელზეც ლიკა ჯალაღანია ამახვილებს ყურადღებას და ვარაუდობს, რომ ცვლილება ასეთ სერვისებზე ხელმისაწვდომობას შეამცირებს. ქალებს ხუთდღიანი მოცდის რეჟიმიც კი უქმნიდა დაბრკოლებას და საქართველოს, მისი თქმით, არაერთი საერთაშორისო რეკომენდაციაც აქვს მიღებული ამ ვალდებულების გასაუქმებლად.
„ეს მოსაცდელი ვადა, ზრდიდა ფასსაც, რისი გადახდაც ქალებს უწევდათ. ამაში შედიოდა სოფლიდან ქალაქში ჩასვლის, ხანდახან იქ დარჩენის ხარჯი, ან სულაც უკან დაბრუნება და ხუთ დღეში ისევ ქალაქში ჩასვლა... მგონია, რომ ეს ცვლილებები კიდე უფრო შეამცირებს ისეთ სივრცეებს, სადაც ქალებს აბორტის გაკეთება შეეძლებათ“.
შესაძლოა, ამ სერვისის გაცემაზე უარი თავად კლინიკებმაც კი თქვან, იმ მოტივით, რომ აღარ უღირდეთ დამატებით პერსონალის აყვანა, დამატებითი ვალდებულებები, მეტი კონტროლი, მეტი პასუხისმგებლობა.
ლიკა ჯალაღანიას სხვა კითხვებიც აქვს: საიდან მოიყვანენ ამდენ სოციალურ მუშაკს? თან მაშინ, როცა საქართველოში მათი დეფიციტია? ან რამდენად კვალიფიციური იქნება ის ფსიქოლოგი, ვისაც ქალები აბორტის გაკეთების წინ უნდა გაესაუბრნონ? ვინ შეამოწმებს მათ ცოდნას?
ცვლილებების ავტორებისგან პასუხის მოლოდინში, ჩვენ ლიკა ჯალაღანიასაც ვკითხეთ აზრი, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამ კონკრეტული ცვლილების მიზეზი.
მან მხოლოდ ვარაუდი გაგვიზიარა, რომ შესაძლოა, ამით სახელმწიფოს იძულებითი აბორტების გამორიცხვა სურს და პროცესში სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგს რთავს, მაგრამ საქმე ის არის, გვეუბნება ლიკა, რომ კანონით, ამის ბერკეტები დღეს ექიმსაც გააჩნია.
ასევე ნახეთ აბორტი, როგორც უფლება„ჩვენც არაფერი ვიცოდით“
რა იცოდნენ ამ ცვლილებაზე პარლამენტარმა ქალებმა? ეს კითხვა „რეფორმების ჯგუფის“ წევრს, ხათუნა სამნიძესაც დავუსვით.
აღმოჩნდა, რომ დაგეგმილ ცვლილებაზე მას და მის კოლეგებს, წინასწარ, არანაირი ინფორმაცია არ მიღიათ. მისი აზრით, საჯარო დისკუსიის გარეშე ასეთი ცვლილებები სახიფათოა:
„როდესაც მინისტრი ფარულად, ყველანაირი კონსულტაციის გარეშე ცვლის ბრძანებას და ამით ვითარებას აუარესებს, ცხადია, აჩენს საფრთხეს მომავალში, ქალებისათვის. აუცილებლად გვექნება ამაზე რეაგირება. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ეს ბრძანება აუარესებს ქალების უფლებებს და მეტიც, ეს, შესაძლოა, იქცეს კორუფციის წყაროდ“, - უთხრა ხათუნა სამნიძემ რადიო თავისუფლებას.
გაეროს მოსახლეობის ფონდი, UNFPA, წლებია მუშაობს ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზეც. ორგანიზაციაში გვიპასუხეს, რომ ცვლილებების პაკეტი მათ შესაბამის ექსპერტულ ჯგუფებსა და ორგანიზაციებთან გაგზავნეს და პასუხს ელიან: „ჩვენი ოფიციალური პოზიცია დასკვნის მიღების შემდეგ ჩამოყალიბდება“.
რადიო თავისუფლებამ ჯანდაცვის სამინისტროსაც ჰკითხა, რამ გააჩინა ამ ცვლილებების აუცილებლობა, საერთოდ რის საფუძველზე (რეკომენდაცია? კვლევა?) გადაწყდა მინისტრის ბრძანების შეცვლა. ასევე გვაინტერესებდა, ვინ გადაიხდის ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის კონსულტაციის ფულს? ეს ექიმ-გინეკოლოგთან კონსულტაციის ნაწილია თუ ცალკე საფასური? ხომ არ ფიქრობენ უწყებაში, რომ ამან, შესაძლოა, ქალებს მართლაც დაუწესოს დამატებითი ბარიერები და ამან აბორტის ისედაც მტკივნეული პროცესი კიდევ უფრო რთული და, რაც მთავარია, საფრთხის შემცველი გახადოს?
ჯანდაცვის სამინისტროსგან პასუხები არ მიგვიღია.