თბილისის ცენტრში ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე ოჯახის გამოსახლებას მოქალაქეები საპროტესტო აქციით შეეწინააღმდეგნენ.

თბილისის ცენტრში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ზანდუკელის N2-ში მდებარე იტალიური ეზოდან ოჯახის გამოსახლების პროცესი გადაიდო. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მიაწოდეს აღსრულების ბიუროში, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული.

სავარაუდოდ, გამოსახლება გადაიდო რამდენიმე თვით, მომავალ წლამდე. ადგილზე დღეს, 8 ნოემბერს, შეიკრიბა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც აღსრულების პოლიციას ხელს უშლიდნენ ოჯახის გამოსახლების დაწყებაში.

ასევე ნახეთ თბილისის ცენტრში აღსრულების პოლიცია ბინიდან ოჯახის გამოსახლებას იწყებს

"მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “რიკო კრედიტი”, პოლიციური ძალის გამოყენებით, ქუჩაში გაყრას უპირებს შვიდსულიან ოჯახს (მათ შორის მცირეწლოვან ბავშვს, შშმ პირს და ორსულ ქალს)", - ეწერა გამოსახლების საწინააღმდეგოდ მხარდამჭერების მობილიზების მიზნით გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასში ასევე აღნიშნული იყო, რომ ოჯახი "რიკო ჯგუფს" სთავაზობს არსებული სესხის - 32 ათასი დოლარის - დაფარვას (20 ათასი - ძირი, 12 ათასი - დარიცხული პროცენტი).

"კომპანიას ერთადერთი ინტერესი აქვს, ეს ქალაქის ცენტრში არსებული 74 მ/კვ ფართობის დასაკუთრებაა, რომელსაც აუქციონით 17 000 ლარად დაეუფლა. ჯერი საზოგადოების სოლიდარობაზეა", - ეწერა განცხადებაში.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა "რიკო ჯგუფსაც". კომპანიიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია განახლდება.