სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს ისრაელის დახმარების კანონპროექტი, რომელიც არ ითვალისწინებდა უკრაინის დახმარებას

აშშ-ის კაპიტოლიუმი. ვაშინგტონი, 17 დეკემბერი, 2020.

სამშაბათს აშშ-ის სენატში დემოკრატებმა დაბლოკეს კანონპროექტი, რომელიც ისრაელისთვის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, მაგრამ არ შეიცავს პაკეტს უკრაინის დასახმარებლად. მანამდე კანონპროექტზე ვეტოს დადების პირობა დადო პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

კანონპროექტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა გასულ კვირაში. მას ძირითადად მხარი დაუჭირეს რესპუბლიკელებმა, რომლებიც პალატაში უმრავლესობას შეადგენენ. დოკუმენტის თანახმად, ვაშინგტონს ისრაელისთვის 14,3 მილიარდი დოლარის დახმარება უნდა აღმოეჩინა, ამავე დროს ის ამცირებდა საგადასახადო სამსახურის დაფინანსებას.

ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა, დაემტკიცებინა უფრო მსხვილი პაკეტი 106 მილიარდი დოლარის მოცულობით, რომელშიც შევიდოდა ისრაელის, უკრაინისა და ტაივანის დაფინანსება. სამშაბათს დემოკრატებმა სენატში ხაზგასმით აღნიშნეს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობა, რასაც ითვალისწინებს ბაიდენის ინიციატივა.

„ჩვენს მოკავშირეებს უკრაინაში არ შეუძლიათ თავს უფრო მეტად მისცენ გადავადების უფლება, ვიდრე ჩვენს მოკავშირეებს ისრაელში,“ განაცხადა სენატორმა პეტი მიურეიმ, რომელიც სენატის ასიგნებების კომიტეტს ხელმძღვანელობს. რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ მარშალმა განაცხადა, რომ ზედა პალატამ არ უნდა გადადოს ისრაელისთვის დახმარების აღმოჩენა.