ინფორმაციის გაჟონვის გამო გადაიდო ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო ისრაელში ვიზიტი, რომელიც, ზოგიერთი ინფორმაციით, 7 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი.
ამის მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დროზე ადრე გახმაურდა. ამის თაობაზე გაზეთი Times of Israel წერს ისრაელის დიპლომატიურ წრეებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
იმავე წყაროებმა გაზეთს დაუდასტურეს, რომ ზელენსკი კვლავაც აპირებს ისრაელში ჩასვლას, მაგრამ ვიზიტის თარიღი ჯერჯერობით არ არის განსაზღვრული.
იმის შესახებ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ესტუმრება ისრაელს, რომელიც პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების აქტიურ ფაზაში იმყოფება, ჯერ კიდევ 4 ნოემბერს გახდა ცნობილი. მაგრამ Times of Israel-ის თანახმად, ინფორმაციის გაჟონვის გამო აუცილებელი გახდა ვიზიტის გადადება, ვინაიდან ზელენსკის სურდა, რომ მის შესახებ მაშინ გამოეცხადებინათ, როცა ის უკვე ისრაელში იქნებოდა.
როგორც BBC შენიშნავს, სავარაუდოდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ისრაელში ზელენსკის ვიზიტი გადაიდო. ორ კვირაზე მეტი ხნის წინ ის თავად გამოვიდა ისრაელში ჩასვლის ინიციატივით, მაგრამ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის გამო ისრაელმა ასეთი ვიზიტი ნაადრევად მიიჩნია.
Times of Israel-ს იმავე წყარომ განუცხადა, რომ თუკი ზელენსკი ისრაელში ჩავა, მას გულითად დახვედრას მოუწყობენ.