WHO-მ დაგმო ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმა და ღაზის საავადმოყოფებზე დარტყმები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინა ჟენევაში. 2 თებერვალი, 2023.

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმიდან ერთი თვის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) დაგმო ისრაელელების წინააღმდეგ ძალადობა, მაგრამ ამავე დროს გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს ღაზის სექტორში სამედიცინო დაწესებულებებზე იერიშები. ამის შესახებ BBC იუწყება.
WHO თავის განცხადებაში ითხოვს, ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას და ამბობს, რომ არაფრით არ შეიძლება „ჰამისის“ თავდასხმის გამართლება.
მაგრამ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ომის ერთი თვის განმავლობაში 100-ზე მეტი დარტყმა განხორციელდა ღაზის საავადმყოფოებზე და ყოველი ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
WHO-ს თანახმად, ღაზაში დღეში 160 ბავშვი იღუპება, პაციენტებს ანესთეზიის გარეშე უკეთებენ ოპერაციას, ავიადარტყმების გამო დაიკეტა ღაზის საავადმყოფო, რომელშიც ონკოლოგიურ დაავადებებს მკურნალობენ.
ისრაელი აცხადებს, რომ საავადმყოფოების ქვეშ „ჰამასის“ მებრძოლები იმალებიან. ამიტომ ისრაელის ხელისუფლება აღშფოთებას გამოხატავს გაეროს განცხადებების გამო იმის შესახებ, რომ ასეთ ობიექტებზე დარტყმები სამხედრო დანაშაულებად შეიძლება იქნეს მიჩნეული, აღნიშნავს BBC.
ბრიტანული მედიასაშუალების თანახმად, ჯერჯერობით არ არის ნათელი, აქვთ თუ არა გაეროს წარმომადგენლებს დიალოგი ისრაელის მთავრობასთან.
სამშაბათს ახლო აღმოსავლეთში ტურნე დაიწყო გაეროს უმაღლესმა კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში, ფოლკერ ტიურკმა. მისი ოფისი ჯერჯერობით მხოლოდ იმას იტყობინებოდა, რომ მან ისრაელსაც მიმართა ჩასვლის თხოვნით, მაგრამ შედგება თუ არა ეს ვიზიტი, ცნობილი არ არის, ასკვნის BBC.