ინტერნეტში გამოჩნდა ქერჩში „ძლიერ დაზიანებულ" რუსულ კორვეტ „ასკოლდის“ ფოტოები

მცირე სარაკეტო გემი "ასკოლდი", ქერჩი, უკრაინა. 21 სექტემბერი, 2021 წელი

ინტერნეტში გამოჩნდა ფოტოები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ რუსული მცირე სარაკეტო გემ „ასკოლდისთვის“ 4 ნოემბერს, უკრაინის სარაკეტო დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბი.

როგორც გამოცემა Defense Express-ი წერს, სურათები აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გემი კვლავ წყლის ზედაპირზეა, მის "მნიშვნელოვან ელემენტებს კრიტიკული ზიანი მიადგა“.

ფოტოს თანახმად, ფრთოსანი რაკეტა SCALP (ბრიტანული Storm Shadow რაკეტების ფრანგული ვერსია) მოხვდა „ასკოლდის“ ცენტრალურ ნაწილს, სადაც მდებარეობს რვა ვერტიკალური გამშვები, რომელსაც შეუძლია „კალიბრის“ და „ონიქსის“ ფრთოსანი რაკეტების გაშვება. სარაკეტო იერიშის შედეგად კორვეტის ძირითადი შეიარაღების სისტემა ფაქტობრივად განადგურდა.


ინტერნეტში ასევე გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ასახავს იმ მომენტს, როდესაც რაკეტები გემ „ასკოლდს“ მოხვდა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივზე“ სარაკეტო იერიში 4 ნოემბერს მიიტანეს. საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალმა მიკოლა ოლეშჩუკმა 4 ნოემბერს ღამით, ტელეგრამზე დაწერა, რომ ქარხანაში იდგა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ფრთოსანი რაკეტა „კალიბრის“ მატარებელი გემი. რუსეთმა ქერჩის ქარხანაზე შეტევა მეორე დღეს დაადასტურა. 5 ნოემბერს, სახელმწიფო სააგენტო „რია-ნოვოსტიმ“ გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, უკრაინის 15 ფრთოსანი რაკეტიდან 13 ჩამოაგდეს, მოუგერიებელმა რაკეტამ კი გემი დააზიანა. რომელი გემი, დაკონკრეტებული არ ყოფილა.