კიევთან აფეთქების შედეგად დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ზალუჟნის თანაშემწე

ვალერი ზალუჟნი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

6 ნოემბერს აფეთქების შედეგად დაიღულა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ ვალერი ზალუჟნის თანაშემწე, 39 წლის მაიორი გენარი ჩასტიაკოვი - იუწყება თავად ზალუჟნი ტელეგრამით.

ზალუჟნი წერს, რომ ჩასტიაკოვი დაიღუპა "ტრაგიკულ გარემოებებში, თავის დაბადების დღეზე, ოჯახურ წრეში". ზალუჟნის თქმით, აფეთქდა ჩასტიაკოვის მიერ დაბადების დღეზე მიღებული ერთ-ერთი საჩუქარი, რომელიც ჩასტიაკოვმა შინ მიიტანა. თავისი მრჩევლის და მეგობრის სიკვდილს ზალუჟნი უწოდებს "გამოუხატავ ტკივილს და მძიმე დანაკარგს" როგორც პირადად მისთვის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის.

ჩასტიაკოვის ცოლი ყვება, რომ მისმა ქმარმა სახლში მიიტანა საჩუქრის ნაკრები სპირტიანი სასმელის ბოთლით და ხელყუმბარის ფორმის ჭიქებით. აფეთქება მოხდა ამ პაკეტის გახსნის მომენტში.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შედეგად დაიჭრა მეომრის 13 წლის ვაჟიც. ჩასტიაკოვი ოთხი შვილის მამა იყო.

ზალუჟნის თქმით, ჩასტიაკოვი მისი მნიშვნელოვანი თანაშემწე იყო 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის პერიოდიდან. მან "სრულად მიუძღვნა თავისი სიცოცხლე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას" - წერს ზალუჟნი.

აფეთქება მოხდა კიევის რეგიონის სოფელ ჩაიკაში.