დასამცირებლად კაცს კაბა ჩააცვეს და ვიდეო გადაუღეს - რა მოხდა კახეთის სოფელში

პოლიციის შენობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი ადამიანი დააკავეს. გამოძიება მათ თანასოფლელის დამცირებას, პატივისა და ღირსების შელახვას ედავება. პროკურატურამ სამივე მათგანს ბრალდება უკვე წარუდგინა. გურჯაანის სასამართლომ კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამჟამად პატიმრობაში მყოფი პირები სოფელში „დავების მომგვარებელი ჯგუფის“ სახელით არის ცნობილი. ამას რამდენიმე წყარო გვიდასტურებს.

შემთხვევა 30 ოქტომბერს მოხდა. დაკავებულებმა სოფლის მოსახლეობის ნაწილის თანდასწრებით, 29 წლის მამაკაცს კაბით ქუჩა-ქუჩა სიარული აიძულეს.

"ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა იმ მოტივით, რომ დაზარალებულმა მათი შეფასებით სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა, მისთვის დამამცირებელი ქმედების განხორციელება, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ფსიქიკური იძულების შედეგად, დაზარალებულმა მათი მოთხოვნა შეასრულა, რის შემდგომაც ბრალდებულებმა ის სოფლის ქუჩებში გაატარეს, რითაც პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

მომხდარს თვალს ადევნებდა დაახლოებით 50 ადგილობრივი. მამაკაცს გადაუღეს ვიდეოც, რომელიც სოფელში ტელეფონით გაზიარდა.

ვიდეოში ჩანს ქუჩა, სადაც ხალხია შეკრებილი. რამდენიმე თანასოფლელი მიჰყვება კაცს, რომელსაც ქალის კაბა აცვია.

ვიდეოში აზერბაიჯანულ ენაზე ისმის: ამ კაცს ქალის კაბა იმიტომ აცვია, რომ ჩაიდინა ცუდი საქციელი... ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვამ მსგავსი აღარ გაბედოს...

მომხდარის შესახებ პოლიციას 29 წლის მამაკაცის ოჯახმა შეატყობინა. გამოძიებამ მას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

ამ ამბავს წინ უძღოდა 29 წლის მამაკაცის მხრიდან მეზობლად მცხოვრები ნათესავი ქალის მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის შემთხვევა. ამის შესახებ ლაპარაკობენ ქალის ოჯახის წევრები.

ქალის დედამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამაკაცმა მის შვილზე 30 ოქტომბერს სექსუალური ძალადობა სცადა

სახლში ვიყავით მე და ჩემი შვილი. ეს ბიჭი მოვიდა და ცხენის ხამუთი ითხოვა. ჩემმა შვილმა უთხრა, რომ ხამუთი სარდაფში იყო და შეეძლო წაეღო. კაცმა სარდაფში ხამუთი ვერ იპოვა და დახმარება ითხოვა. სარდაფში ჩავიდა ჩემი გოგოც. ამ დროს კაცმა ჩემს შვილზე სექსუალური ძალადობა სცადა. გოგომ ყვირილი ატეხა და დახმარებას ითხოვდა. მას მაისური ჰქონდა დახეული. ამ დროს კაცი გაიქცა...“, -ჰყვება 25 წლის ქალის დედა.

მისივე თქმით, მომხდარიდან დაახლოებით ერთ საათში მათ ოჯახში მივიდა მოძალადე კაცის დედა, მოუბოდიშა და მორიგება შესთავაზა.

მოდი მოვაგვაროთ ეს ამბავი როგორც თქვენ გინდათ... შემოგვთავაზა რამდენიმე ვარიანტი, თუ გინდათ ქალის კაბა ჩაიცვამს და ქუჩაში გაივლისო... მთავარია ჩემი შვილი არ დაიჭირონ და რასაც გინდათ იმას გააკეთებსო“ - ჰყვება 25 წლის გოგოს დედა.

რადიო თავისუფლება 25 წლის ქალის მამამთილსაც ესაუბრა. როგორც ის ამბობს, „დანაშაულის გამოსყიდვის“ მიზნით სხვადასხვა შეთავაზება მიიღეს:

„საბოლოოდ შევთანხმდით, რომ ქალის კაბით სოფელში გაივლიდა“ - ჰყვება ქალის მამამთილი. ქალის ოჯახმა სექსუალური ძალადობის მცდელობის შესახებ პოლიციასაც შეატყობინა.

ჩვენ ვითხოვთ იმ მამაკაცის დაკავებას, რომელმაც ქალზე სექსუალური ძალადობა სცადა. ასევე ქალს უნდა მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი. გამოკითხვაზეც ვიყავით, ჩატარდა ექსპერტიზა. ველოდებით გამოძიების შემდგომ ქმედებას“ - უთხრა რადიო თავისუფლებას ქალის ოჯახის ადვოკატმა ლალი ჯანაშვილმა.

რადიო თავისუფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, დაიწყო თუ არა გამოძიება სავარაუდო სექსუალური ძალადობის შემთხვევაზე. სტატიის გამოქვეყნბის მომენტრისტის უწყებიდან პასუხი მირებული არ გვქონდა. პასუხი მიღების შემთხვევაში აისახება.

მცდელობის მიუხედავად, რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვეს 29 წლის კაცის ოჯახის წევრებმა.

ლახოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, (დამამცირებელი მოპყრობა, ესე იგი პირის დამცირება და იძულება, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად) რაც 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.