პაპუაშვილი: მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება

შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდება. მან პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა, რომ 12 რეკომენდაციაში იყო საკითხები, რომლის გადაწყვეტაც ერთჯერადი ქმედებებით შეუძლებელია.

"ივნისის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე და ახლა ხელახალი შეფასება უნდა გამოქვეყნდეს. ამიტომაც არის, რომ ჩვენ ევროკომისიასთან ვმუშაობდით იმ საკითხებზე, რომელიც ღია იყო. ჩვენი მოლოდინია, რომ 3-ზე მეტი რეკომენდაცია იქნება შესრულებული და შესაბამისად აისახება. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ 12-ვე რეკომენდაცია 100%-ით შესრულებულად გამოცხადდება არც საქართველოს, არც უკრაინისა და არც მოლდოვას მიმართ - ჩვენ ამასაც ვამბობდით, რომ რეკომენდაციებში არის საკითხები, რომლებიც შეიძლება ერთჯერადად გადაწყდეს... მაგალითად, დეპოლარიზაცია არ არის ერთჯერადი საკითხი და განგრძობითია", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე ნახეთ კანდიდატის სტატუსი - ამერიკელი ანალიტიკოსების მოლოდინი

სავარაუდოდ, 8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.