მოლდოვაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოლქების ნაწილში მეორე ტური ჩატარდება. მათ შორის სავარაუდოდ, არ იქნება დედაქალაქი კიშინიოვი, სადაც წინასწარი მონაცემებით, პირველივე ტურში იმარჯვებს მოქმედი მერი, კომუნისტური და სოციალისტური პარტიების ყოფილი წევრი იონ ჩებანი. მან 2021 წელს შექმნა ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ნაციონალური ალტერნატივა“(MAN). წინასწარი შედეგებით, ჩებანს ხმების 50,58% აქვს. 28,27%-ით მეორე ადგილზეა პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტიის, „მოქმედება და სოლიდარობის“(PAS) კანდიდატი ლილიან კარპი. პირველივე ტურში გასამარჯვებლად კანდიდატმა ხმების 50%-ზე მეტი უნდა მიიღოს.
მმართველი პარტიის კანდიდატი სამეულშიც ვერ მოხვდა მოლდოვის სიდიდით მეორე ქალაქ ბელციში, სადაც წინასწარი შედეგების მიხედვით, მერის ასარჩევად მეორე ტური ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური მემარცხენე-ცენტრისტული გაერთიანების, „ჩვენი პარტიის“ კანდიდატი ალექსანდრ პეტკოვი(22,6%) და დამოუკიდებელი კანდიდატი არინა კორშიკოვა(21,5%).
წინასწარი შედეგებით, მმართველმა პარტია PAS-მა ხმების დიდი ნაწილი მიიღო 32-დან 19 რაიონში, თუმცა, უმრავლესობა არცერთ ადგილობრივ საბჭოში არ ექნება.
5 ნოემბერს მოლდოვაში ირჩევდნენ ქალაქების და სოფლების ადმინისტრაციების 898 ხელმძღვანელს და ადგილობრივი საბჭოების 11 058 წევრს.
ასევე ნახეთ მოლდოვაში არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცესკომ გააუქმა პრორუსული პარტია „შანსის“ რეგისტრაციამოლდოვის „სოციალისტური პარტიის" პრორუსმა ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა მმართველი პარტია სახელმწიფო დაწესებულებების მიტაცებასა და მედიის დაბლოკვაში დაადანაშაულა, პრეზიდენტ მაია სანდუს „დიქტატორი“ უწოდა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მოითხოვა. მოლდოვაში დოდონის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე, მათ შორის სახელმწიფო ღალატის და კორუფციის მუხლებით. ადგილობრივ არჩევნებში სოციალისტებმა წარმატებას მიაღწიეს ჩრდილოეთ რაიონებში.
5 ნოემბრის არჩევნებში მოქალაქეთა აქტივობა 41,4% იყო. ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში, სადაც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ამომრჩევლების 25%-ზე ნაკლებმა, ხელახალი არჩევნები ჩატარდება. მოლდოვის კანონმდებლობით, კონკრეტულ ოლქში არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ მასში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებული ამომრჩევლების სულ მცირე 25%-მა.