უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა თავდაცვის სამინისტროს მთავარ ინსპექციას დაავალა ჩაატაროს „სრული შემოწმება“ ზაპოროჟიეს ოლქში იმიერკარპატეთის 128-ე ცალკეული სამთო-მოიერიშე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის შესახებ. მანამდე უკრაინულმა მედიამ და შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ დაბომბვის შედეგად დაიღუპა და დაიჭრა უკრაინის ათობით ჯარისკაცი, რომლებიც ფრონტის ხაზის მახლობლად იყვნენ შეკრებილი დაჯილდოების ცერემონიაზე.
„მომხდარის ყველა გარემოება გაირკვევა“, - დაწერა უმეროვმა ფეისბუკში და დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა. მას არ უთქვამს, რამდენი ჯარისკაცი დაიღუპა.
იმიერკარპატეთის რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა დაღუპული სამხედროების პატივსაცემად. ამის შესახებ იმიერკარპატეთის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიქტორ მიკიტამ განაცხადა.
რაკეტა რაკეტა „ისკანდერით“ დარტყმა განხორციელდა 3 ნოემბერს დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისთვის არტილერიის დღესთან დაკავშირებით ჯილდოების გადაცემის დროს.
ამის შესახებ ცნობილი გახდა 4 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც სამხედროებმა და ბლოგერებმა ინტერნეტში გამოაქვეყნეს შეტყობინებები, რომ 128-ე ბრიგადის ერთ-ერთმა ოფიცერმა გადაწყვიტა, ფრონტისპირა სოფელში მოეწყო დაჯილდოების ცერემონია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯილდოების დროს სარაკეტო თავდასხმას „ძალიან ბევრი“ სამხედრო მოსამსახურე, ასევე სამოქალაქო პირები შეეწირნენ.
გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დაიღუპა 20-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ხმელნიცკის საოლქო სამხედრო კომისარიატის ყოფილი უფროსი. იერიში და სამხედროების დაღუპვა დაადასტურეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ სარდლობაშიც, შეტყობინებაში არ არის მითითებული გარემოებები და დაღუპულთა რაოდენობა.
რუსული ტელეგრამის არხი „რიბარი“, ირწმუნება, რომ დარტყმა განხორციელდა სოფელ დიმიტროვოზე, რომელიც მდებარეობს ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კილომეტრზე. „რიბარი“ წყაროების დაზუსტების გარეშე წერს დაახლოებით 50 მოკლულზე. არ არსებობს დამოუკიდებელი მონაცემები დაღუპულთა რაოდენობის შესახებ, კონფლიქტის მხარეები, როგორც წესი, გადაჭარბებულად აფასებენ მტრის დანაკარგებს.
უკრაინული მედია და რუსი სამხედრო ბლოგერები ადრე იტყობინებოდნენ რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის რიგ შემთხვევებზე მსგავს გარემოებებში - სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების შედეგად სამხედრო ნაწილების მწყობრში დადგომის ან რაიმე საზეიმო ღონისძიებების დროს. მაგალითად, ივნისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლუგანსკის ოლქში, კრემენნაიას მახლობლად, ათობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინული საარტილერიო ცეცხლის შედეგად, როდესაც ისინი მწყობრში იდგნენ გენერლის ჩასვლის მოლოდინში.