უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მას არ მიაჩნია, რომ ფრონტზე ჩიხური ვითარება შეიქმნა. ამით ის ირიბად შეეწინააღმდეგა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის, რომელმაც ზუსტად ასეთი შეფასება გააკეთა ჟურნალ The Economist-ში ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში.
შაბათს კიევში, ევროკომისიის ხელმძღვანელ ურზულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ზელენსკიმ სიტყვასიტყვით თქვა: „ეს არ არის ჩიხური ვითარება“.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინის შეტევა ნელია იმის გამო, რომ „რუსეთი აკონტროლებს ცას“. ზელენსკის თქმით, წარმატებული შეტევითი ოპერაციებისთვის საჭიროა დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, ასევე F-16 გამანადგურებლები. უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ ფრონტი შარშანაც სტატიკური იყო, მაგრამ შემდეგ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის რეგიონში გარღვევა მოახდინეს.
ზალუჟნის სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ თუ უკრაინის არმია რუსეთის არმიასთან შედარებით ტექნოლოგიურ უპირატესობას მოიპოვებს, შესაძლებელია შეტევაზე გადასვლა. მაგრამ ამჟამად ფრონტზე არსებული ვითარება სტატიაში დახასიათებულია როგორც პოზიციური ომი. ეს, გენერლის თქმით, რუსეთისთვის არის მომგებიანი.
ასევე ნახეთ გაბრაზებული და მიტოვებული? - რას წერს Time ზელენსკისა და რუსეთ-უკრაინის ომზეკვირას New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვალერი ზალუჟნის შორის განხეთქილების შესახებ. გამოცემა ამ დასკვნამდე მიდის ზელენსკისა და მისი გარემოცვის რეაქციის ანალიზისას The Economist-ში გამოქვეყნებულ ზალუჟნის სტატიაზე. თუ ზელენსკიმ თავის გამოსვლაში პირდაპირ არ აწარმოვა პოლემიკა ზალუჟნისთან, სამაგიეროდ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იჰორ ჟოვკვამ, იმავე დღეს ურჩია სამხედროებს, „არ გააკეთონ კომენტარი პრესისთვის, საზოგადოებისთვის, იმაზე, რაც ხდება ან შეიძლება მოხდეს ფრონტზე“, რადგან ეს, მისი აზრით, „აგრესორს აძლევს ხელს“.
ამ პოლემიკის გაანალიზებისას, New York Times-ი ზელენსკისა და მისი ადმინისტრაციის რეაქციას უწოდებს „აშკარა საჯარო საყვედურს“ ზალუჟნის მიმართ, რომელიც გაკეთდა „უკრაინისთვის ისედაც რთულ ვითარებაში“. დასავლეთში, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მზარდი სკეპტიციზმია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის მიმართ, რაც, კერძოდ, გამოვლინდა აშშ-ის კონგრესსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას შორის საბიუჯეტო დავების დროს.
გუშინ NBC News-ი ორ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა დაიწყეს უკრაინასთან მსჯელობა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის თაობაზე. ზელენსკიმ შაბათს განაცხადა, რომ კიევში ეს არ განიხილება. „დღეს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების არცერთი ლიდერი არ ახორციელებს ჩვენზე ზეწოლას... რუსეთთან მოსალაპარაკებლად რომ დავსხდეთ, ველაპარაკოთ მას და რამე მივცეთ - ასეთი რამ არ მოხდება,“ აღნიშნა ზელენსკიმ.
ასევე ნახეთ ზელენსკი: ევროკავშირი და აშშ არ აიძულებენ უკრაინას, მოლაპარაკებები აწარმოოს რუსეთთან