გორში, ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვნებზე სავარაუდო ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფაქტების შესახებ გამოძიება დაიწყო.
ბავშვთა სახლის ბენეფიციარები პედაგოგებისა და დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, დამამცირებელ მოპყრობასა და მწირი კვების რაციონზე საუბრობენ. ბავშვთა სახლი ჯანდაცვის სამინისტროს და ზრუნვის სააგენტოს მიერ ერთობლივად შექმნილი დაწესებულებაა, რომელსაც ადგილობრივი ორგანიზაცია მართავს.
სამართალდამცავებმა ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხეს სავარაუდო ძალადობის მსხვერპლები. რადიო თავისუფლების ინფორმაციით მონიტორინგის სამსახური ბავშვთა სახლში გასულ კვირას შევიდა და ორი დღის განმავლობაში სწავლობდა ვითარებას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ სახლის აღსაზრდელი არასრულწლოვანები ძალადობის შესახებ საუბრობენ - ანალოგიური ვითარება იყო 2020 წელსაც. მაშინ დარღვევების ფაქტი არ დადასტურდა, ის აღმზრდელი კი, რომლის მიმართაც ბავშვებს პრეტენზია ჰქონდათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამსახურიდან წავიდა.
უფლებადამცველი, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი, ანა თავხელიძე გავრცელებულ ინფორმაციას სავარაუდო ძალადობის შესახებ ფეისბუკზე ეხმიანება და წერს, რომ გამოძიების ეფექტურობა არა მხოლოდ იმით, რამდენად მყისიერად დაიწყებს პოლიცია გამოძიებას, იმითაც, რამდენად უზრუნველყობს სახელმწიფო გამოძიების დროს ბავშვების უსაფრთხოებას.