მოლდოვის საგანგებო სიტუაციების კომისიამ, ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე საარჩევნო რბოლას ჩამოაშორა პარტია „შანსის“ კანდიდატები. განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის დირექტორმა განაცხადა, რომ პარტია ამომრჩევლების მოსყიდვას ეწევა და რუსეთიდან ფულს იღებს.
ბრიფინგზე რეჩანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის საფუძველზე და ჰიბრიდული ომის კონტექსტში, რომელსაც რუსეთი მოლდოვაში აწარმოებს.
„გამოვლენილია ქმედებები საარჩევნო პროცესებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რათა ხელი შეუწყოს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ორგანიზებული ჯგუფის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს ილან შორი პოლიტიკური პარტია "შანსის" მეშვეობით“, - აღნიშნა რეჩანმა.
პარტია „შანსის“ ლიდერმა ალექსეი ლუნგუმ ამ გადაწყვეტილებას მის პარტიაზე თავდასხმა უწოდა, ხოლო ილან შორმა აღნიშნა, რომ ფული მისი კანონიერი ბიზნესიდან არის მიღებული და არა რუსეთიდან.
მოლდოვაში 5 ნოემბერს გაიმართება ადგილობრივი ხელისუფლების საყოველთაო არჩევნები, რომლის დროსაც 900-მდე ქალაქების მერებისა და სოფლის ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს, ასევე ადგილობრივი (ქალაქის, რაიონის, სოფლის) საბჭოების 11 ათასზე მეტ დეპუტატს აირჩევენ.
არჩევნებში 40-მდე პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მიიღებს მონაწილეობას.
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე დაუშვა აკრძალული პარტია „შორის“ წევრები.
ასევე ნახეთ
მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე დაუშვა აკრძალული პარტია "შორის" წევრები- 2022 წლის ოქტომბერში აშშ-მა მოლდოველ ოლიგარქებს, ილან შორსა და ვლადიმირ პლაჰოტნიუკს, სანქციები დაუწესა მოქმედებებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია სისტემურ კორუფციასთან, მოლდოვის არჩევნებში ჩარევასთან, რასაც კრემლი უჭერდა მხარს. აშშ-ის მასშტაბით გაიყინა მათი აქტივები.
- 2022 წლის დეკემბერში მოლდოველ ოლიგარქებს იმავე ტიპის სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა.
- მოლდოვაში „შორის“ იდეური მხარდამჭერები არიან კომუნისტები და სოციალისტები, რომლებსაც პარლამენტში 30-ზე მეტი მანდატი აქვთ.