დაპირისპირება მოხდა ბალდის კანიონთან - მოქალაქეები პროტესტს კარავში განაგრძობენ

საპროტესტო კარავი ბალდის კანიონთან

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონთან, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს, მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და ინვესტორს შორის დაპირისპირება მოხდა. მხარეები პროვოკაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. მომხდარს სამართალდამცველები სწავლობენ.

მშენებლობის მოწინააღმდეგეები ირწმუნებიან, რომ წუხელ მათ ერთ-ერთ აქტივისტს, თაზო რუხაიას, ფიზიკურად გაუსწორდა კომპანია „კანიონ 350“-ის დირექტორი გიორგი მერკვილაძე, რამდენიმე მუშასთან ერთად. მომხდარის შემდეგ, დღეს დილით, აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და კომპანიის ავტომანქანებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. ამის გამო კანიონზე სამშენებლო სამუშაოები დღეს შეჩერებული იყო.

„დავაფიქსირეთ მორიგი დარღვევა. ხრეში ჰქონდათ ჩუმად შემოტანილი. გამოვუძახეთ გარემოს დაცვას და უკან მოვდიოდით, როცა წამოვიდნენ პროვოკაციაზე. ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს. მერე ჩვენ ერთმანეთს ვუთხარით, რომ უნდა ჩავმსხდარიყავით მანქანაში და გამოვსულიყავით. გამოსვლას ვაპირებდით, როცა ჩვენკენ წამოვიდნენ… გინებ-გინებით წამოვიდნენ თაზო რუხაიასკენ. ის 4-5-მა ადამიანმა გააკავა და პირველი გიორგი მერკვილაძემ დაარტყა, შემდეგ დანარჩენებმა. დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში ურტყამდნენ”, - ჰყვება ბაჩო თვარაძე, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, პოლიციამ უკვე გამოკითხა ინციდენტში ჩართული პირები. თაზო რუხაიას კი უტარდება ექსპერტიზა. თვარაძემ აღნიშნა, რომ თაზოს სხეულზე მსუბუქი დაზიანებების კვალი ეტყობა.

პოლიციელები ბალდის კანიონთან მომხდარი პროტესტის შემდეგ.

ბრალდებებს უარყოფს გიორგი მერკვილაძე. მისი თქმით, მუშაობდნენ, როცა მათთან აქტივისტები მივიდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს:

„პირდაპირ აგრესიაზე გადმოვიდნენ, როგორც ყოველთვის. თქვენ აქ, ჩვენს სოფელში, უჩვენოდ როგორ დაიწყეთ მუშაობა, თქვენი დედები… რაზეც მოხდა შეხლა-შემოხლა. მე მანქანაში ვიჯექი. გადმოვედი მაშინ, როცა ერთმანეთს სწვდნენ ხელებით. შუაში დავდექით, გავაშველეთ. თვითონ ჩასვეს მანქანაში ეს თავისი ორი ბიჭი და ამით დასრულდა ყველაფერი”, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მერკვილაძემ. მან დაამატა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა აქტივისტები პროვოკაციას აწყობენ. კომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ მშენებლობის მოწინააღმდეგეების მხრიდან მუდმივი აგრესიისა და ბულინგის გამო მუშებმა დატოვეს სამსახური და მას მოუწია ახალი მშენებლების მიყვანა.

სოფელი ბალდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის კანიონზე „ტურისტული ინფრასტრუქტურის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეების პროტესტი ქუჩის აქციების შემდეგ კარავში გრძელდება. მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ 40 წლის ვადით, უსამართლოდ გადასცა კანიონი კერძო კომპანიას, 24 ოქტომბრიდან კარავში ათევენ ღამეს. ისინი მშენებლობის შეჩერებას და ადგილობრივი მცხოვრებლების ჩართულობით ახალი პროექტის შემუშავებას მოითხოვენ. ირწმუნებიან, რომ მანამდე მშენებლობის შესახებ მოქალაქეებს ინფორმაცია არ ჰქონდათ და სახელმწიფომ მათ გარეშე გადაწყვიტა სოფლის ბედი.

ინვესტორი კი აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილეები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ტერიტორიის იჯარით გაცემის და მშენებლობის შესახებ სოფელი ინფორმირებული არ ყოფილა. გიორგი მერკვილაძის თქმით, მოსახლეობას პროექტი გააცნეს და წინააღმდეგიც არავინ ყოფილა. ის მიიჩნევს, რომ აქტივისტებს მშენებლობის შეჩერება იმიტომ სურთ, რადგან თავად უნდათ ამ ტერიტორიიდან ფინანსური სარგებლის მიღება.

სააგენტომ კანიონი, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, კერძო კომპანია „კანიონი 350“-ს 2022 წელს გადასცა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კომპანია ვალდებულია, კანიონი, 3 მილიონამდე ლარის ინვესტიციით, ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად აქციოს, ბუნების ძეგლზე მოაწყოს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის - ვიზიტორთა ცენტრი, 350 მეტრი სიგრძის როლერი ატრაქცია, კიდული ბილიკი და საფეხმავლო ბილიკი. ბალდელების ნაწილი პროექტის წინააღმდეგია. ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მათთან გასაუბრების გარეშე გადაწყვიტა სოფლის ბედი. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მშენებლობის შემდეგ ბალდის კანიონი დაკარგავს ბუნებრივ სილამაზეს და მოხდება მისი „ჩაბეტონება“.

სოფელი ბალდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში კი აცხადებენ, რომ „გარკვეული ჯგუფები“ შეცდომაში არიან შეყვანილი. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თომა დეკანოიძემ, ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ ტერიტორია, კანონის დაცვით, აუქციონში გამარჯვებულ კომპანიაზე იჯარით გაიცა. ის ირწმუნება, რომ მშენებლობის დაწყებამდე მოსახლეობასთან პროექტის დეტალებიც განიხილეს.

როგორც დეკანოიძე ამბობს, იჯარის ვადა 20 წელია, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ კომპანიასთან ხელშეკრულება გაგრძელდება, თუ მას შესრულებული ექნება ყველა ვალდებულება.

კანიონზე სამშენებლო სამუშაოები აპრილიდან მიმდინარეობს. ტერიტორია შემოღობილია და იქ მხოლოდ მუშები შედიან.