ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური შეცვალა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლკოვნიკი სერგეი ლუპანჩუკი დანიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების (SSO) ახალ მეთაურად. მან ამ პოსტზე გენერალი ვიქტორ ხორენკო შეცვალა.

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები არის ცალკე ერთეული უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. მის დანიშნულებას წარმოადგენს სადაზვერვო ამოცანები, ინფორმაციულ და ფსიქოლოგიურ ოპერაციებში ჩართვა, ტერორიზმისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლა, წინააღმდეგობის მოძრაობის მომზადება და სხვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 2016 წლის 28 ივლისს ნატოს წევრი ქვეყნების მხარდაჭერით შეიქმნა.

გენერალი ხორენკო SSO-ს 2022 წლის 25 ივლისიდან, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან ამ პოსტზე შეცვალა იგორი გალაგანი, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში (SBU) გადავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ხორენკოს საბრძოლო გენერლად წარმოადგენდა. ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს მან ვრცელი ინტერვიუ მისცა, სპეციალური ძალების მუშაობის შესახებ:

„ჩვენ ვატარებთ უნიკალურ ოპერაციებს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ. ვმუშაობთ ტაქტიკურ, ოპერატიულ, სტრატეგიულ დონეზე. ჩვენი მუშაობის შედეგებიც არ აყოვნებს. ახლა ბევრს ვერ გავამჟღავნებთ, მაგრამ მომავალში, ვფიქრობ, შესაძლებელი იქნება რამდენიმე წიგნის დაწერა (SSO-ს) წარმატებული ოპერაციების შესახებ“, - ამბობდა გენერალი ხორენკო.

თუ რა გახდა ხორენკოს თანამდებობიდან გადაყენების მიზეზი, უცნობია. მაგრამ ეს არის წელიწად-ნახევარში უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლის შეცვლის მეორე შემთხვევა.

ამ საკადრო ცვლილებას წინ უძღოდა ჟურნალ „ტაიმის“ გახმაურებული სტატია, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინის არმიის სუსტი პროგრესის გამო მოსალოდნელი იყო ერთი მინისტრისა და კონტრშეტევაზე პასუხისმგებელი ერთი გენერლის თანამდებობიდან გათავისუფლება.

ასევე ნახეთ

გაბრაზებული და მიტოვებული? - რას წერს Time ზელენსკისა და რუსეთ-უკრაინის ომზე